ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონზე, პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევას, საპარლამენტო უმრავლეობა მომავალ კვირაში გეგმავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომავალი კვირის განმავლობაში გაიტანენ.
„რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ: ფუკუიამა: „ქართულ ოცნებას“ სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთანპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტო შაბთს, 18 მაისს დაადო და განაცხადა, რომ ეს "რუსული კანონია", რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ასევე ევროპულ სტანდარტს.
„ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში“ - საქართველოს პრეზიდენტმა, კონონპროექტს მხოლოდ ეს ერთი წინადადება დაამატა.
პრეზიდენტის ვეტოს შესახებ, დღესვე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვეტოს გამოყენებით, პრეზიდენტმა დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა.
"ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის", - განაცხადა პრემიერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პროცედურის მიხედვით, პარლამენტი ჯერ კენჭს უყრის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მისი ჩაგდების შემთხვევაში, სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს კიდევ ერთხელ აძლევს ხმას (არანაკლებ 76 მომხრე არის საჭირო), რაც ვეტოს დაძლევას ნიშნავს.
კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი მის დაძლევას ან მიღებას.
ასევე ნახეთ: კონგრესმენი კოენი: რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს