სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის.
ასევე ნახეთ: კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა“ქმედებები, რომელსაც ვხედავთ, შეუსაბამოა ქართველი ხალხის გაცხადებულ სურვილთან. ეს [ქმედებები] შეუსაბამოა არა იმასთან, რას ამბობენ ამერიკა და სხვა ქვეყნები, არამედ ქართველი ხალხის სურვილთან. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირის გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ განაგრძონ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა და შესაბამისობაში იყვნენ მასთან”.
პატელის თქმით, ერთია რა გაცხადებული საგარეო ვექტორი აქვს საქართველოს მთავრობას, მაგრამ მეორეა, რა ნაბიჯებს დგამს პრაქტიკულად.
„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსში, როგორიც ნატოა, მაგრამ ამ ტიპის საკანონმდებლო საქმიანობა და მთავრობის ქმედებები, შეუსაბამოა ამ მიზნებთან“.
სახელწმიფო დეპარტამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაერთხელ უწოდეს „კრემლით შთაგონებული“. დღეს, 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზეც, კანონპროექტი რუსულს კიდევ ერთხელ შეადარეს:
“რასაც ჩვენ ვამბობთ ისაა, რომ ეს [კანონმდებლობა] ეწინააღმდეგება არა მარტო მათ მისწრაფებებს, არამედ შესაბამისობაშია ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობებთან, როგორიც მაგალითად კრემლში გვინახავს”.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილეს, თბილისში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის შესახებაც ჰკითხეს. პატელის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, თუმცა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.
ასევე ნახეთ: "საერთაშორისო ამნისტია": უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ძალა უკანონოდ გამოიყენა