საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტი ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილი "შანტაჟის ქვეშ" შეხვედრებს ვერ გამართავს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს "არ აინტერესებს" და "არასერიოზულად უყურებს" სანქციების საკითხს.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო [ჯიმ ო'ბრაიენის მხრიდან] თხოვნა შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, იყო შემთხვევები გასული თვეების განმავლობაში, როცა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, რადგან მე მიწევდა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.
ყველა შემთხვევაში, უარი მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - თქვა მან.
დღესვე, ტელეკომპანიებმა "იმედმა" და, "რუსთავი 2"-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკვე აღარ იძებნებოდა ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ტელეკომონია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი, სადაც ეს ცნობა წამყვანმა წაიკითხა, ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში 13 მაისს, ღამით ჩამოდის და შეხვედრებს 14 მაისს გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს გამართავს "ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა გამოხატოს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ".
პარალელურად, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ფონზე, 14 მაისს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით განიხილავს ე.წ. აგენტების კანონს.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.