26 აპრილს, შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ჩინეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდაჭერის საკითხი წამოჭრა. ეს ერთ-ერთია იმ ბევრი საკითხიდან, რომლებიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში მიღწეულ, ბოლოდროინდელ გაუმჯობესებას ემუქრება.
ბლინკენმა ეს საკითხი ჩინეთის მთავარ დიპლომატთან ხუთსაათნახევრიანი საუბრის დროს წამოწია.
„კვლავ გამოვთქვი ჩვენი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა [რუსეთს] აწვდის კომპონენტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ, აგრესიულ ომს ძალას აძლევს“,- თქვა ბლინკენმა ჩინეთში თავისი ვიზიტის დასასრულს და გამოიყენა ქვეყნის ოფიციალური სახელი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
„ჩინეთი არის ჩარხების, მიკროელექტრონიკის, ნიტროცელულოზის - რაც საბრძოლო მასალის და რაკეტის საწვავის წარმოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის მიმწოდებელი, რასაც მოსკოვი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად იყენებს“,- დაამატა ბლინკენმა.
ასევე ნახეთ: ნატო: ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის დახმარება, თუ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურსპეკინ-მოსკოვის ახლო ურთიერთობის ხაზგასასმელად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ პარასკევს თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა „თავდაცვის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის“ გასაძლიერებლად მუშაობდა.
მოსკოვთან „ულიმიტო“ პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შორს დაიჭირა, მაგრამ ბლინკენმა თქვა, რომ ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას „უკრაინაში ხელშესახები ეფექტი ჰქონდა“ და ეს ყოველივე ზრდის იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპის სხვა ქვეყნებისთვის წარმოადგენს.
ბლინკენმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა ვაშინგტონი ჩინეთის მხრიდან რუსეთის დახმარების გამო, პეკინისთვის სანქციების დაწესებას.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ასეთი დახმარება ზიანს უფრო ფართო ორმხრივ ურთიერთობას აყენებს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში 2022 წლის ვიზიტის შემდეგ და მოგვიანებით, 2023 წელს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩინური, სავარაუდოდ სათვალთვალო, საჰაერო ბურთის ჩამოგდების შემდეგ, ურთიერთობების სტაბილიზება ხდება.
პეკინმა განაცხადა, რომ მას იარაღი არავისთვის მიუწოდებია, რომ „უკრაინის კრიზისი არ შეუქმნია და მასში ჩართული მხარე არ არის“. თუმცა, ჩინეთი ასევე ამბობს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ჩვეულებრივი ვაჭრობა არ უნდა შეფერხდეს ან შეიზღუდოს.