საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ (CPAC-ზე) შეთქმულების თეორია გაავრცელა და განაცხადა, რომ „ე.წ. ლიბერალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას“ - მათ შორის, საქართველოშიც.
„ე.წ ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას ებრძვიან პროპაგანდით, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ახსენა ილია ჭავჭავიძის სიტყვები, - „მამული, ენა და სარწმუნოება“, - და თქვა, რომ „ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან“.
შემდეგ კი თქვა, რომ „ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება - შეცვალეს სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა და რელიგია, რწმენა ამ სამებიდან ამოიღეს“.
„ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“, - განაცხადა მან.
შემდეგ ჰომოფობიური შეთქმულების თეორია გაავრცელა და თქვა, რომ აშშ-ში „პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც შვიდ წელიწადში გაასამმაგა“.
„პროცესები თუ იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს, მალე უკვე ფორმალურადაც, ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ“, - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ის, რასაც „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია“ უწოდა.
შემდეგ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც მმართველმა პარტიამ წამოიწყო და თქვა, რომ ეს ცვლილებები „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად“.
„კანონპროექტი კრძალავს ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მან.
CPAC უნგრეთში 25-26 აპრილს იმართება.
კობახიძემ განაცხადა, რომ „უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“.
მოგვიანებით ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს „ჭადრაკის დიდოსტატი“ უწოდა: „ირაკლი კობახიძე საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ - ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი“.
პრემიერმა კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სურვილზე, გახდეს ევროკავშირის წევრი და თქვა, რომ ეს „ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC).
თუ შარშან თვითგამოცხადებულ „კონსერვატორთა უდიდეს შეკრებას“ „ლიბერალების ჯოჯოხეთის“ მოწყობის ამბიცია ჰქონდა, წლევანდელი კონფერენციის თემაა „ვოუქებზე ნადირობა“. (სოციალური სამართლიანობის საკითხებში გაცნობიერებული ადამიანი)
CPAC-ს, - ქართულად „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, - 1974 წლიდან ატარებს „ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ (ACU).
მესამე წელია, კონფერენციას უნგრეთი მასპინძლობს.