მეუფე საბა: დაუშვებლად მიმაჩნია დაჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ნაჩქარევად მიღება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.

მეუფე საბა ფიქრობს, რომ გასულ წელს კანონის პროექტის გაწვევა დადებითი გადაწყვეტილება იყო. "მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს",- ამბობს ის.

"მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია.

ასევე ნახეთ: პარლამენტში უცხოური გავლენის კანონის განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება

მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.

მინდა აღვნიშნო რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის!",- წერს მეუფე საბა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, უცხოური გავლენის კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპული სტილისაა.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.