პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს! კი ევროპას" მიმდინარეობს, სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სპეცრაზმელებმა უკვე დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას უცვლელად:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: „არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოქალაქეები ე.წ. "აგენტების კანონის" პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. "აგენტების კანონი" ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში, "ქართული ოცნება", ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი, "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

თბილისის მსგავსად ე.წ. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში და ახალციხეშიც.

ასევე ნახეთ: "ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმი" - საქართველო "ფრიდომ ჰაუზის" ახალ შეფასებაში

ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.

„არ ვაპირებთ დავთანხმდეთ ამ აგენტების სტატუსს“, - ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი.

ზუგდიდში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ახალციხეშის ცენტრალურ მოედანზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან.

ასევე ნახეთ: ელჩები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ