პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი იმყოფებოდნენ.
ასევე ნახეთ: აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი - უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობაგამართული შეხვედრის შესახებ საელჩოებს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მთავარი განსახილველი საკითხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი იყო.
"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას",- წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე დიპლომატებს ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ "როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება",- წერია განცხადებაში.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მიზანი, დიპლომატების მიერ, დემარშის გამოცხადება იყო. ამას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ ადასტურებს.
უახლოეს წარსულში ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელით დემარში ევროკავშირის ელჩმა ორჯერ გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.
- 2023 წლის მაისში, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო.
- 2023 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
დემარში დიპლომატიური პროტესტია რომელიმე სახელმწიფოზე ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
ასევე ნახეთ: მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ