ვლადიმირ კარა-მურზას მხარდასაჭერი ღონისძიება ვაშინგტონში

9 აპრილს, რუსი პოლიტიკური პატიმრის, ვლადიმირ კარა-მურზას და რუსეთში სხვა უსამართლოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით ვაშინგტონში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის კანონმდებლები, უფლებადამცველი ჯგუფები და პოლიტიკური ორგანიზაციები მონაწილეობდენენ. ღონისძიებას ვლადიმირ კარა-მურზას ოჯახი ესწრებოდა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ასეთ ღონისძიებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადასტურებლად, რომ ვლადიმირ კარა-მურზა მარტო არ არის მის გასათავისუფლებლად ბრძოლა გაგრძელდება.

ასევე ნახეთ: კარა-მურზას დაპატიმრებიდან 2 წელი გავიდა

„ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახური რამდენიმე კანონმდებელს გაესაუბრა. დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ კარა-მურზას პატიმრობა სრულიად გაუმართლებელია.

სენ. ბენ კარდინი (დ) მერილენდი

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტია, შევიკრიბეთ რათა ნათლად გამოვხატოთ, რომ ვლადიმირ კარა-მურზა მარტო არ არის. ჩვენ ვიბრძოლებთ მისი გათავისუფლებისთვის, რათა ის თავის ოჯახს უვნებლად დაუბრუნდეს. ის პატიმრობაში არ უნდა იყოს, ეს აბსოლუტურად არასწორია და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ხმას აღიმაღლებს.“

სენატორმა თქვა, რომ უსამართლოდ დაკავებული პირის სტატუსის მინიჭებით, შეერთებული შტატების მთავრობა ზოგიერთ საქმეს უპირატეს ყურადღებას ანიჭებს და ვლადიმირ კარა-მურზას შემთხვევაში ასეთი სტატუსი სავსებით მიზანშეწონილია.

ასეთივე შეხედულება აქვს სენატორ ქრის კუნსს, რომელმაც აღნიშნა, რომ კარა-მურზა უკანონოდ არის დაპატიმრებული და შესაბამისი სტატუსი მის საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მთელ მსოფლიოში. სენატორმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს რუსი დისიდენტების მხარდაჭერის დიდი ხნის ისტორია აქვს.

სენატორმა თქვა, რომ რუსეთს, ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, კარა-მურზა მძევლად ჰყავს, რათა შეერთებული შტატებთან პატიმრების გაცვლის საშუალება ჰქონდეს.

სენ. ქრის კუნსი (დ) დელავერი

„საუბედუროდ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა აკავებს და აპატიმრებს ამერიკელებს ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რათა ჩვენ მძევლების გაცვლა გვაიძულონ. დარწმუნებული ვარ რომ ვლადიმირთან დაკავშირებით სწორედ ეს ხდება. იმედი მაქვს რომ მისი გათავისუფლების გზას ვიპოვით და ის გათავისუფლდება."

სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსულ ციხეში გამოკეტვა დისიდენტებისთვის სიკვდილით დასჯის ტოლფასია და ეს ალექსი ნავალნის, სერგეი მაგნიცკის და ბევრი სხვა პოლიტპატიმრის მაგალითიდან ჩანს.

სენ. ჯინ შაჰინი (დ) ნიუ-ჰემფშირი

„პუტინს და რუს ოფიციალურ პირებს არ აღელვებს დისიდენტებს მათ ციხეებში რა ემართებათ.“

სენატორს კრემლისთვის ერთი გზავნილი აქვს.

სენ. ჯინ შაჰინი (დ) ნიუ-ჰემფშირი

„პუტინი საბოლოოდ დამარცხდება. როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვნახეთ, ადამიანებს ასეთი მმართველობა არ სურთ, მათ თავისუფლებები სურთ, მათ ადამიანის უფლებები სურთ, სურთ შესაძლობლებები თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის და ასეთი სახის ავტოკრატიას და დიქტატურას უსასრულოდ არ მოითმენენ.“

რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქე ვლადიმირ კარა-მურზა, პოლიტიკური აქტივისტი, ჟურნალისტი, ავტორი, 2022 წლის აპრილში პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ მისი პატიმრობა გაახანგრძლივეს და ახალი ბრალი: რუსული არმიის „დისკრედიტაცია“ წაუყენეს. 2023 წლის აპრილში კარა-მურზას 25 წლით ციხე მიუსაჯეს.

2022 წლის ოქტომბერში კარა-მურზას ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების პრიზი მიენიჭა.