USAID-ის წინააღმდეგ თბილისის ბრალდებების ექო რეგიონში

გასულ შემოდგომაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააავრცელა ინფორმაციაა, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მზადდებოდა დადესტრუქციული მოქმედებების ბირთვისშექმნაში USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. USAID ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა, რომელმაც საქართვლოს მხარდაჭერა 32 წლის წინ დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოებასაც და სამთავრობო უწყებებსაც არაერთი მიმართულებით გაუწია დახმარება.

ამერიკის საელჩოც და სააგენტოს ხელმძღვანელობაც ამბობენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და ეს ბრალდებები მცდარია. თუმცა დეზინფორმაციის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში გაჟღერებულ ბრალდებებს რეგიონშიც ჰქონდა ექო. მას აქტიურად აშუქებდა რუსული პროსამთავრობო მედია, აზერბაიჯანში კი ეს თემა აქტიურად განიხილებოდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავების წინ - როგორც ერთგვარი არგუმენტი, თითქოსდა USAID-ის დაფინანსებით მოქმედი ძალები არაერთ ქვეყანაში ცდილობენ მთავრობის დამხობას.

USAID- საქართველოში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ“, „USAID-, დამხმარე თუ ჯაშუში?“ „USAID“- ის სახელი მუდმივ სკანდალში - ეს სულ რამდენიმე სათაურია იმ ათობით მასალიდან, რომლითაც რუსული და აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედია გასული წლის შემოდგომაზე აქვეყნებდა. ისინი ასე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ იმის თაობაზე, თითქოსდა ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს „ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს“ დაფინანსებული ორგანიზაციები ამზადებდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

USAID-ის წინააღმდეგ თბილისის ბრალდებების რეგიონული ექო

ზოგიერთი ამერიკელი და ქართველი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ბრალდება უფრო დიდი კონტექსტის ნაწილი იყო და 2022 წლის თებერვლის შემდეგ გახშირებულ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა.

ეთო ბუზიაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული კრიმინალუსტური კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ამბობს, რომ ეს გაგრძელება და ერთგვარი კულმინაციაც კი იყო იმ ცვლილების, რაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხდებოდა.

აზერბაიჯანული მედია სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ადანაშაულებდა იმაში, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ამერიკის დაზვერვის აგენტები არიან. რამდენიმე დღე ტრიალებდა საქართველოში მომხდარი ამბის ამ კონტექსტში გამოყენება და შემდეგ კვირებში 6 ჟურნალისტი დააკავეს ასეთი ბრალდებებით“,
- ეთო ბუზიაშვილი, DFR Lab

“USAID -ზე ეს შეტევა არ არის განცალკევებული შემთხვევა. ეს იყო ნაწილი იმ გაძლიერებული ანტიდასავლური და უშუალოდ ანტიამერიკული დეზინფორმაციული კამპანიისა, რასაც 2022 წლის თებერვლიდან ვხედავდით - მას შემდეგ, რაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში“, - ამბობს ბუზიაშვილი და განმარტავს, რომ ამ პროცესმა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

“უდიდესი და ყველაზე ნათელი ცვლილება, რაც საინფორმაციო სივრცეში მოხდა, იყო ის, რომ თუ უკრაინაში ომამდე ეს იყვნენ ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, პრორუსი აქტორები, სამწუხაროდ, 2022 წლის თებერვლიდან მთავარი აქტორი გახდა საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვინც ამბობს, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩართვა და ა.შ." - ამბობს ბუზიაშვილი.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გასულ შემოდგომაზე თქვა, რომ USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მზადდებოდა და „დესტრუქციული და უკანონო მოქმედებების“ ბირთვი უნდა შექმნილიყო.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს მხარდაჭერა 1992 წელს დაიწყო. სააგენტომ მას შემდეგ საქართველოს, მათ შორის, სამთავრობო უწყებებს, 2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის დახმარება გაუწია. ამერიკის საელჩომ უსაფრთხოების სამსახურების ბრალდებებს „მცდარი“ უწოდა, და თქვა, რომ ის „არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ამერიკის დახმარების მიზნებს. დახმარება კი გამჭვირვალეა და საელჩო ყოველთვის მზადაა ყველა საკითხის განსახილველად.“

ასევე ნახეთ: ექსკლუზიური ინტერვიუ - ლეონ პანეტა საქართველოს შესახებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში “ამერიკის ხმის” შეკითხვებს არ უპასუხეს, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით ყველა შესაძლო კითხვასა და ეჭვს პასუხი უნდა გაეცეს.

ამერიკის დიპლომატურმა მისიამ ბრალდებების გამოთქმიდან მალევე განმარტა, რომ მთავრობასთან თანამშრომლობის და ღიაობის პარალელურად, ის განაგრძობს მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერას.

„მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ… მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო გამოთქმულ ბრალდებებს.

მოგვიანებით, უკვე წელს, იანვარში, USAID პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა “რელიგიური ისტერიების” გამაღვივებელი ორგანიზაციების დაფინანსებაშიც დაადანაშაულა. “ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ: ივანიშვილი ქართული პოლიტიკის სცენაზე - შეფასებები ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში

ზოგიერთი ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებები და ბრალდებები ქვეყნის დემოკრატიული მიმართულების შესახებ შეშფოთებას აძლიერებს. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ USAID-ზე მსგავსი ბრალდების მოსმენა მისთვის სამწუხაროა, რადგან ეს ფაქტი, გარკვეულწილად, იმ დროს ახსენებს, როცა რუსეთში სააგენტო ჯერ კიდევ მუშაობდა და კრემლი მას თავს ესხმოდა.

„მსგავსი რამის ნახვა საქართველოში, ან უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის გატანის მცდელობა - ეს როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას შესაძლოა არ მიჰყავდეს ქვეყანა უფრო მეტად დემოკრატიული მიმართულებით“, - ამბობს კორტნი და დასძენს, რომ თავდასხმები საქართველოში USAID-ის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური განვითარების მხარდაჭერაზე „როგორც ჩანს ასახავს „ქართული ოცნების“ იმ მზარდ შეშფოთებას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება და სამოქალაქო ცხოვრება არის ძლიერი და რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა მეტ მხარდაჭერასაც კარგავდეს“.

„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევრის, ლუკ კოფისთვის კი მსგავსი ბრალდებები საერთოდ აბსურდულად გამოიყურება იმ თვვალსაზრისით, რომ ამერიკას არც სურს და არც შეუძლია ამგვარი სცენარების განხორციელება:

„ეს მართლაც კონსპირაციული და საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის გარკვეულ შფოთვებზე და დაუცველობის განცდაზე იყო დაფუძნებული. იდეა, რომელიც ჩემთვის სასაცილოა ისაა, რომ ამერიკის ზოგიერთი მოწინააღმდეგე ფიქრობს, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა და დახვეწილი მეთოდები იმისთვის, რომ ამგვარი პოლიტიკური ხრიკები და რევოლუციები მოაწყოს. სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ და ამას არ ვაკეთებთ“, - ამბობს კოფი.

ასევე ნახეთ: პენელი USAID-ის მიერ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე, სააგენტოს საქმიანობასა და მოახლოებულ არჩევნებზე

ექო რეგიონში

„ატლანტიკური საბჭოს“ “ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ თბილისის მიერ USAID-ის დადანაშაულება ფართოდ, აქტიურად და მისთვის ხელსაყრელი აქცენტებით გააშუქა რუსულმა და აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედიამ. DFR Lab-ის - "ციფრული კრიმინალისტური ლაბორატორიის" სტატიაში ვკითხულობთ, რომ "სპუტნიკმა" - რუსეთის მთავრობის სატელიტმა მედია-საშუალებამ, თბილისში ბრალდების გაჟღერების დღესვე ამ თემას მის მხოლოდ ერთ პლატფორმაზე 10 სტატია მიუძღვნა. ამერიკის დადანაშაულებასთან ერთად, ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ შეერთებული შტატები მთელ რეგიონში ცდილობს დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნას და ეს, თითქოსდა, კიდევ ერთხელ "დადასტურდა" საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით.

ორგანიზაციის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგები ამბობენ, რომ ბაქოში ამ ამბავვს პროპაგანდისტული სათაურებზე ბევრად უფრო ფართო რეზონანსი და „დრამატული ფიზიკური შედეგებიც“ მოჰყვა. პროსამთავრობო მედიამ აზერბაიჯანში ეს ბრალდებები დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამდე განწყობის შესაქმნელადაც კი გამოიყენა.

„შეიქმნა რიგი კონსპირაციებისა, სადაც აზერბაიჯანული მედია, ქვეყანაში დამოუკიდებელ, სამოქალაქო საზოგადოებას ადანაშაულებდა იმაში, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ამერიკის დაზვერვის აგენტები არიან. რამდენიმე დღე ტრიალებდა საქართველოში მომხდარი ამბის ამ კონტექსტში გამოყენება და შემდგომი ორი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში 6 ჟურნალისტი დააკავეს ასეთი ბრალდებებით“, - ამბობს ბუზიაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

რამდენად პირდაპირი შეიძლებოდა ყოფილიყო თბილისში გამოთქმული ბრალდებების გავლენა მეზობელ სახელმწიფოში? ან საერთოდ სჭირდებოდათ თუ არა აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებებს ქართულ სუს-ზე მითითება?

ბუზიაშვილის თქმით, საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართული მხარის ბრალდებები თითქოსდა მეტ ლეგიტიმაციას სძენდა აზერბაიჯანში მომხდარ დაკავებებს. ეს ერთგვარი დამატებითი და თითქოს უფრო მეტად დამაჯერებელი არგუმენტიც იყო საიმისოდ, რომ დამოუკიდებელი, ადგილობრივი აქტივისტებისთვის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა დაებრალებინათ.

„ამერიკა და საქართველო რამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამერიკა ეხმარება საქართველოს ბევრი მიმართულებით, უსაფრთხოების და კეთილდღეობის კუთხით და ის, რომ საქართველო ადანაშაულებს ამერიკას მსგავს სუბვერსიულ ქმედებებში, უფრო სხვაგვარად ჩანს. სად ავტორიტარული სახელმწიფო რომ ადანაშაულებს, რომელსაც არ აქვს კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და სად - საქართველო, რომელიც დიდი ხანია ამერიკის პარტნიორია“, - განმარტავს ბუზიაშვილი.

ასევე ნახეთ: სიმონიანი, სოლოვიოვი და პესკოვი - კრემლის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მთავარი მოთამაშეები


ამერიკა, როგორც ფერადი რევოლუციების შემოქმედი - კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი

ერთი წლის წინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ უმთავრესი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტულლი ნარატივების ჩამონათვალი, რომლებსაც კრემლი ათწლეულებია იყენებს. მათი მიზანი კი ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებასთან ერთად, ძირითადად, ლეგიტიმური და დამოუკიდებელი საპროტესტო მოძრაობებისა თუ მედიასაშუალებების დისკრედიტაციაა. ხუთ ასეთ წამყვან თემას შორის ერთ-ერთი სწორედ „საზოგადოებრივი მოძრაობების ამერიკის მიერ დაფინანსებულ ფერად რევოლუციებად“ წარმოჩენაა.

„სწორედ ეს დეზინფორმაციული ნარატივი ერთ-ერთი ყველაზე განგრძობითი ნარატივია, რომელსაც რუსეთი იყენებს ამერიკის დისკრედიტაციისთვის და რეპუტაციის შელახვისთვის. ასევე, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. ამ ნარატივით ხალხს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ასეთი დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, არამედ არსებობს შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული გადატრიალება და რევოლუცია“, - ხსნის დეზინფორმაციის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი.

2023 წელსვე, „ფეისბუქის“ მფლობელმა კომპანია „მეტა“-მ გამოავლინა პროსამთავრობო ქსელი, რომლის რეკლამირებაშიც, დაახლოებით, 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. ეს ქსელი ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაცების დეპარტამენტს უკავშირდებოდა და „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ ხელისუფლების გზავნილების პოპულარიზებას, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ცდილობდა.

ბუზიაშვილი ამბობს, რომ აქამდეც, ბევრ ქართულ ორგანიზაციას დაუწერია, რომ ასეთი კამპანიები არსებობს „ფეისბუქზე“ ან რომ მათ ორგანიზებაში საჯარო მოხელეები არიან ჩართულნი, მაგრამ „ფეისბუქის“ მხრიდან „სტრატკომის“ დეპარტამენტზე მითითება, მკვლევრების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

„ეს დეპარტამენტი საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით და მათი მხარდაჭერით შეიქმნა. ამ სავალალო განცხადებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ათეულობით ათასი დოლარი იხარჯებოდა სწორედ დასავლეთის წინააღმდეგ. ანუ დასავლეთის დახმარება, რომელსაც ეს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი იღებდა, იხარჯებოდა ისევ დასავლეთის წინააღმდეგ, მისი დისკრედიტაციის მცდელობაში“, - ამბობს ბუზიაშვილი.

თუმცა ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნების, სამთავრობო ცვლილებებისა და სხვა მოვლენების ფონზე, 2024-საარჩევნო წელს შესაძლოა დასავლეთზე თუ დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე უფრო ნაკლები თავდასხმები ვიხილოთ. საქართველოს მთავრობის ახალი მეთაური პრემიერის რანგში ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებული შტატების ელჩს და არაერთ ევროპელ ლიდერს შეხვდა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.