დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობა „მხოლოდ შიშსა და აპათიაზეა“ დაფუძნებული და „ახლო მომავალში“ ჩამოიშლება. ვლადიმირ პუტინის მმართველობის შესახებ, კარა-მურზამ ბლოგერ ანა იაროვაიასთან მიმოწერაში ისაუბრა.
ასევე ნახეთ: კარა-მურზა ციმბირში, სხვა კოლონიაში სამარტოო საკანში გადაიყვანესკარა-მურზა წერს, რომ შოკირებულია კიდევ ერთი დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. მისთვის ეჭვგარეშეა, რომ ამაზე „პერსონალური პასუხისმგებლობა“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება.
„პირველი წამიდან [ახალი ამბების მოსმენის შემდეგ] ზუსტად ვიცოდი, რომ ვლადიმირ პუტინი პირადად იყო პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე და რომ მისი ბრძანებით განხორციელდა პოლიტიკური მკვლელობა. არ აქვს მნიშვნელობა ეს განზრახ შექმნილი წამების შედეგი იყო თუ განმეორებითი მოწამვლა", - დაწერა კარა-მურზამ. მან დასძინა, რომ არ იცის, როგორ რეაგირებენ სხვა პატიმრები ამ ამბებზე, რადგან ის ციმბირის ქალაქ ომსკის ციხის სადამსჯელო ნაწილში მარტოა მოთავსებული და სხვა პატიმრებთან შეხება არ აქვს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში, რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდება ან, როგორც ალექსეი ნავალნი იტყოდა, „ნორმალური ევროპული ქვეყანა“, - ამბობს კარა-მურზა.
მისი თქმით, „პუტინის რეჟიმი დაფუძნებულია მხოლოდ შიშსა და აპათიაზე. ხელისუფლებას რუსული საზოგადოების გახლეჩა, დათრგუნვა და დემორალიზება სურს“.
სახელმწიფოს ღალატისა და რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, 42 წლის კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თავად კარა-მურზა, მისი მხარდამჭერები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
Your browser doesn’t support HTML5