ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გაიღებს

ხუთშაბათს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერმა თავის განცხადებაში თქვა, რომ ნორვეგია 1.6 მილიარდამდე ნორვეგიულ კრონას (153 მილიონ ამერიკულ დოლარს) გადასცემს ჩეხეთის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ინიციატივას, რომლითაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალას მესამე ქვეყნებისგან შეიძენენ.

ასევე ნახეთ: ამერიკის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არ არის

„უკრაინას გადაუდებლად სჭირდება საარტილერიო საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა, რათა რუსეთის აგრესიულ ომს გაუძლოს“, განაცხადა სტოერმა.

ამჟამად უკრაინა საბრძოლო მასალის მწვავე ნაკლებობას განიცდის. უკრაინული ძალები იძულებულია ფრონტის ხაზზე საარტილერიო ჭურვები მომჭირნეობით გამოიყენოს და რუსეთს აშკარა საცეცხლე უპირატესობა აქვს.