შეერთებული შტატების სენატმა, ხუთშაბათს, 8 თებერვალს, 95.35 მილიარდი დოლარის ღირებულების საბიუჯეტო კანონპროექტის პირველ კენჭისყრას მწვანე შუქი მისცა. ის მოიცავს დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. ამერიკელი სენატორებისგან კანონპროექტმა 67 მომხრისა და 32 მოწინააღმდეგის ხმა მიიღო .
იმისთვის, რომ ის მორიგ ბიუროკრატიულ საფეხურზე გადასულიყო, კანონპროექტს 100-კაციან სენატში, მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდა. ეს გარკვეულწილად, მოულოდნელი სვლა იყო მას შემდეგ, რაც წინა დღეს, ამერიკელმა კანონმდებლებმა ვერ შეძლეს შეთანხმება და 118 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტი ჩააგდეს. პირველადი სახით, ის უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან ერთად, მოიცავდა ამერიკის საზღვრის კონტროლის უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო წესების ცვლილების ხარჯებსაც.
„ეს კარგი ნაბიჯია. ეს აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, უკრაინასა და ისრაელში ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების დასაცავად და ღაზასა და ტაივანში, უდანაშაულო მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის“,- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა მას შემდეგ, რაც სენატმა რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, დამხარების პაკეტს მწვანე შუქი მისცა. კანონპროექტს ხმა მისცა და დაეთანხმა მისი რესპუბლიკელი კოლეგა, სენატის უმცირესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი.
მუხედავად იმისა, რომ სენატში კანონპროექტმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომკანონპროექტი უკვე დამტკიცებულია. კანონპროექტს სენატში კიდევ ერთი კენჭისყრა სჭირდება, სადაც მან ხმათა მარტივი უმრავლესობა უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება. „ამ კანონპროექტზე იქამდე ვიმუშავებთ, ვიდრე საქმე არ გაკეთდება“,- თქვა შუმერმა.
არსებობს მოლოდინი, რომ სენატს შესაძლოა დღეები დასჭირდეს იმისთვის, რომ დახმარების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხდეს. ახლანდელი სახით ის უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას გულისხმობს. ასევე გათვალისწინებულია, რომ 9.15 მილიარდი დოლარი ღაზაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ისრაელში, ჰუმანიტარულ დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების აუცილებლობაზე ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამუდმებით მიმდინარეობს საუბარი, რესპუბლიკური პარტიის წევრები მოითხოვდნენ, რომ ორი ქვეყნის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, იქვე განსაზღვრული ყოფილიყო ის ხარჯებიც, რაც ამერიკა-მექსიკის საზღვრის დასაცავადაა საჭირო. გამოკითხვები აჩვენებს, რომ არალეგალურად საზღვრის კვეთა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. წინასაარჩევნო პერიოდში კი, ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გამუდმებით მოუწოდებდა თავის თანაპარტიელებს, არ წასულიყვნენ დათმობაზე დემოკრატებთან, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
118 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, მომხდარში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.
„ერთი კვირის წინ, როდესაც ტრამპი ჩაერია, გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო. ურჩევნია, რომ საზღვარზე ქაოსი იყოს, თვლის, რომ ეს არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება. ვიცოდით, რომ მეორე ვარიანტიც დაგვჭირდებოდა“,- განაცხდა მოსმენის შემდეგ, შუმერმა.
რუსეთის მიერ დაწყებული ომის 2 წლისთავსა და უკრაინის ჯარის თავდაცვის პოზიციაში გადასვლის შემდეგ, უკრაინის მთავრობა უფრო აქტიურად ითხოვს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის აუცილებლობაზე საუბრობენ ნატოსა და თეთრი სახლის წარმომადგენლები.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესი დაეთანხმოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უახლოეს მომავალში“. ხოლო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, „საბოლოოდ, არ არსებობს ალტერნატივა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ მიაწოდოს უკრაინას არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა შესაძლებლობები, რაც მას სჭირდება. დრო ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ყოველი კვირა, ყოველი თვე, რომელიც გადის უკრაინის ახალი დახმარების გარეშე, ნიშნავს ნაკლებ საარტილერიო ჭურვებს, ნაკლებ საჰაერო თავდაცვის სისტემას და ნაკლებ ინსტრუმენტს უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი რუსეთის ამ თავდასხმისგან...ესაა ის, რაც პუტინს სურს“, - აფრთხილებდა რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესმენებს.
სენატის შესაძლო საბოლოო პასუხის შემდეგ, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, თუმცა, რა მოხდება წარმომადგენელთა პალატაში ჯერ უცნობია. ათობით რესპუბლიკელმა წარმომადგენელთა პალატიდან, უფრო კონკრეტულად კი, მათ, ვინც პრეზიდენტ ტრამპს ემხრობიან, თქვა, რომ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მათ რიგებშია წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ამერიკელმა კონგრესმენებმა უკრაინისთვის 113 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება დაამტკიცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, კონგრესს მასშტაბური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის აღარ გადაუცია.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინას 2023 წლის 27 დეკემბერს უკანასკნელად გაუგზავნა 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტი. თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თავდაცვის დეპარტამენტი, მაშინვე აფრთხილებდნენ კანონმდებლებს, უკრაინისთვის გაცემული დახმარების აუცილებლობასა და კრიტიკულობაზე. თუმცა, დღემდე, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, უკრაინის დახმარების საბოლოო ვერსიაზე არ შეჯერებულან.
იმ შემთხვევაში, თუ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრი კანონმდებლები შეთანხმდებიან დახმარების პაკეტზე, მაშინ ის საბოლოო ხელმოწერისთვის ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს გადაეცემა. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება კანონპროექტს კანონის ძალა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ უკრაინა და ისრაელი ამერიკული დახმარების მიღებას.