სანამ მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ბელგოროდთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი გაურკვეველი დროით შეწყდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, რუსეთს 4000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს. არაოფიციალური ცნობებით კი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის არმიის მეომრების რიცხვი გაცილებით მეტია.
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში, საქართველოს მოქალაქეები და უკრაინის მოქალაქე ეთნიკური ქართველებიც არიან. „ამერიკის ხმამ“ სამხედრო ტყვეთა შესახებ, უკრაინული და რუსული წყაროების შესწავლის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ეთნიკურად და წარმოშობით ქართველი ტყვე აღმოაჩინა:
ლაშარელა კახაძე, 37 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლი; ტყვედ ჩავარდა 2022 წლის ოქტომბერში. გამოკეტილი ჰყავთ, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სტარი ოსკოლის ციხეში.
ვალერიან კალანდია. 31 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის „«Запорізька Січ“-ის მებრძოლი; ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მაისში, ანექსირებულ ლუჰანსკის ოლქში. გამოკეტილი ჰყავთ, რუსეთში, როსტოვის ოლქში, ქალაქ კამენსკ-შახტინსკის ციხეში.
გენო/გენადი ოსანაძე, 42 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლი; ტყვედ ჩავარდნის თარიღი და ამჟამად, რომელ ციხეშია უცნობია.
რომან ჩანქსელიანი, 30 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის - „აზოვის“ მებრძოლი. ტყვეობაშია - რუსული წყაროების მიხედვით, უკრაინულ მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა. ტყვედ ჩავარდნის თარიღი და ამჟამად რომელ ციხეშია უცნობია.
ზაქარია ნონიაშვილი, 59 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის 107-ე ბრიგადის მებრძოლი; ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მაისში მარიუპოლში, „აზოვსტალის“ დაცემის შემდეგ. თავდაპირველად ჰყავდათ ოლენივკას ტყვეთა ბანაკში, შემდეგ გადაიყვანეს ანექსირებულ დონეცკის ოლქში, გორლოვკას ციხე-კოლონიაში.
მიხეილ ჭინჭარაული, 46 წლის, უკრაინის მოქალაქე. უკრაინის არმიის, კიევის და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცი. ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მაისში მარიუპოლში, „აზოვსტალის“ დაცემის შემდეგ. თავდაპირველად ჰყავდათ ოლენივკას ტყვეთა ბანაკში, შემდეგ გადაიყვანეს რუსეთში, ვლადიმირის ოლქის, კოვროვის კოლონიაში.
მამუკა გაწერელია, 22 წლის, საქართველოს მოქალაქე. უკრაინის არმიის "ინტერნაციონალური ლეგიონის" მებრძოლი. ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მაისში მარიუპოლში, „აზოვსტალის“ დაცემის შემდეგ. გამოკეტილი ჰყავთ, რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, კოვროვის ციხე-კოლონიაში.
გიორგი ჩუბითიძე, 40 წლის, საქართველოს მოქალაქე. უკრაინის არმიის "მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის" მებრძოლი. ტყვედ ჩავარდა 2023 წლის ნოემბერში, ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან ახლოს. გამოკეტილი ჰყავთ, ლუჰანსკის ერთ-ერთ კოლონიაში. შესაძლოა გადაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე.
გიორგი გოგლიძე, 26 წლის, საქართველოს მოქალაქე. უკრაინის არმიის "მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის" მებრძოლი. ტყვედ ჩავარდა 2023 წლის ნოემბერში, ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან ახლოს. გამოკეტილი ჰყავთ, ლუჰანსკის ერთ-ერთ კოლონიაში. შესაძლოა გადაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე.
2023 წლის ნოემბერში, საქართველოს მოქალაქეების გიორგი გოგლიძისა და გიორგი ჩუბითიძის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წითელი ჯვრისა და შვეიცარიის მედიატორობით "ყველა ღონეს იხმარს, რომ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების დაცვა შეძლოს".
თუმცა, როგორც „ამერიკის ხმას“ დატყვევებული მებრძოლების ოჯახის წევრებმა უთხრეს, რეალურად, ხელისუფლებისგან დახმარებას ან თანადგომას ვერ გრძნობენ. „გვეუბნებიან, რომ მათი გათავისუფლება უკრაინის საქმეა“ - გვითხრა ერთ-ერთი დატყვევებულის ოჯახის წევრმა.
Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს ხელისუფლება რა თქმა უნდა, უნდა იყოს (ამ საკითხში) აქტიური. ისინი (დატყვევებულები) არიან საქართველოს მოქალაქეები და მათი ინტერესების დაცვა, ხელისუფლებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი. წითელი ჯვარი იქნება თუ ჩინეთთან ურთიერთობის გამოყენება, გარკვეული აქტიურობა ყველა მიმართულებით უნდა იყოს - უთხრა „ამერიკის ხმას“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიის ყოფილმა რექტორმა, თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ.
მთავარი თემა აქ ის არის, რომ როცა საქართველოს მოქალაქეს აქვს პრობლემა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამის ბერკეტები (ხელისუფლებას) აქვს.გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი
მისი თქმით, „რა თქმა უნდა, პასიურ რეჟიმში, ეს პასუხისმგებლობა შეიძლება გადაიტანო უკრაინის ზურგზე. უკრაინა ეთნიკურად ალბათ, არ ანსხვავებს, უკრაინელია ტყვედ ჩავარდნილი თუ ქართველი, თუ ექნება ამის შესაძლებლობა, ალბათ, ყველას გაცვლის ან რაღაც ტიპის ზემოქმედებას მოახდენს. მაგრამ, მთავარი თემა აქ ის არის, რომ როცა საქართველოს მოქალაქეს აქვს პრობლემა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამის ბერკეტები (ხელისუფლებას) აქვს.
თუ არ აქვს ბერკეტები, სისტემა მაინც უნდა აამუშაოს, რომელიც იმუშავებს. ნუ, შედეგი შეიძლება ვერ დადოს და გავაკრიტიკოთ მერე, არა უმოქმედობისთვის, არამედ იმისთვის, რომ შედეგი არ დაიდო. მაგრამ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთოს, ეს წარმოუდგენელი დამოკიდებულებაა თავისივე მოქალაქეების მიმართ“ - მიაჩნია გიორგი თავდგირიძეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობა, დატყვევებულების ოჯახის წევრებით თქმით, იმიტომაც არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რომ რუსეთი ქართველ მოხასილეებს "დაქირავებულ მებრძოლებად" მიიჩნევს და ყველა ხერხით ცდილობს მათზე, ჟენევის 1949 წლის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ, არ გავრცელდეს.
მოსკოვი კატეგორიულად უარს ამბობს, დატყვევებულები ქართველი მოხალისეები ტყვეთა გაცვლის პროგრამაში ჩასვას და მათ „საჩვენებელ“ გასამართლებას გეგმავს. ამის შესახებ, რუსეთის მთავარი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ანექსირებულ მარიუპოლში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა ტყვეობაში მყოფი, მხოლოდ სამი ეთნიკური ქართველი გაცვალეს, სამივე მათგანი უკრაინის მოქალაქე იყო:
ალექსანდრე ახალაია, 30 წლის, უკრაინის არმიის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის, 501-ე ბატალიონის მებრძოლი. ტყვედ ჩავარდა 2022 წლის აპრილში მარიუპოლში, ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატის დაცემის შემდეგ. გაცვალეს 2023 წლის ივნისში.
ნიკოლოზ ბერიანიძე, ასაკი და სამხედრო შენაერთი უცნობია. ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მაისში მარიუპოლში, „აზოვსტალის“ დაცემის შემდეგ. გამოკეტილი ჰყავდათ, ჯერ ოლენივკას ტყვეთა ბანაკში, შემდეგ ანექსირებულ დონეცკის ოლქში, გორლოვკაში, კალინინის ციხე-კოლონიაში. გაცვალეს 2023 წლის ივნისში.
დავით კვარაცხელია, 44 წლის, უკრაინის ეროვნული გვარდიის, ნიკოლაევის ტერიტორიული თავდაცვის მე-19 პოლკის საზღვაო ქვეითი; ტყვედ ჩავარდა 2022 წლის მარტში მარიუპოლში. გაცვალეს 2024 წლის 3 იანვარს.
ჯერჯერობით, 2024 წლის 3 იანვრის გაცვლა, როცა უკრაინამ 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე, მათ შორის, წარმოშობით ქართველი მებრძოლი დავით კვარაცხელია დაიბრუნა, ბოლო აღმოჩნდა. მომდევნო დიდი გაცვლა 24 იანვარს უნდა შემდგარიყო, მაგრამ რუსეთმა ბელგოროდთან, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის კატასტროფის თუ ჩამოგდების ფაქტი გამოიყენა და ტყვეთა გაცვლის პროცესი შეაჩერა.
„60-ზე მეტი ადამიანის გვამები ან სხეულის ნაწილები ავარიის ადგილზე არ აღმოჩნდა.ოლეგ ჟდანოვი, უკრაინის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი
რუსეთის ბრალდებას, რომ თითქოს, რუსული Il-76-ის ბორტზე, 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინას ეს ინფორმაცა ჰქონდა, მაგრამ ავიალაინერი მაინც ჩამოაგდო, კიევი ცინიკურ ტყუილს უწოდებს.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი ისევ ცინიკურად მანიპულირებს სამხედრო ტყვეების თემით და ამ დრომდე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ Il-76-ის ბორტზე უკრაინელი ტყვეები ნამდვილად იყვნენ. გვამები ავიაკატასტროფის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც არ ჩანს.
„60-ზე მეტი ადამიანის, 65 როგორც ამას ზოგიერთი რაშისტული მედია ამტკიცებს, გვამები ან სხეულის ნაწილები ავარიის ადგილზე არ აღმოჩნდა. ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ თითქოს ეს Il-76 ეგვიპტიდან მოფრინდა. ამ შემთხვევაში, კითხვა ჩვენს სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით საერთოდ, აპრიორი იხსნება.“ - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვი.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინამ რუსეთის ცინიკური ბრალდების საპასუხოდ, რომ კიევმა იცოდა და შეგნებულად ჩამოაგდო Il-76, რომელსაც თითქოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები გადაჰყავდა, საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
რუსეთმა ერთხელ უკვე უარი თქვა ასეთი სახის საერთაშორისო გამოძიებაზე, როცა 2022 წლის 29 ივლისს, ანექსირებულ დონეცკის ოლქში, ოლენივკას ტყვეთა ბანაკში, აფეთქების დროს, სულ მცირე 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს და 73 დაიჭრა.
მაშინაც, რუსეთმა ოლენივკას კოლონიის მიზანმიმართულ დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. უკრაინული ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა მიზანმიმართულად ააფეთქეს კოლონიის ერთ-ერთი შენობა და დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები.
კიევმა 2022 წელსაც მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება, მაგრამ კრემლმა ოლენივკას კოლონიაში შესვლაზე უარი უთხრა, როგორც საერთაშორისო წითელ ჯვარს, ისე გაეროს საგამოძიებო მისიას.
მოსკოვის უარის გამო, სინამდვილეში რა გახდა, ოლენივკას ტყვეთა ბანაკში აფეთქების და უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის მიზეზი დაუდგენელი დარჩა. მაშინ ოლენივკაში სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ, იქ მყოფი ქართველი ტყვეები: ზაქარია ნონიკაშვილი, მიხეილ ჭინჭარაული და ნიკოლოზ ბერიანიძე.