რონ დესანტისი და ნიკი ჰეილი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის იბრძვიან, ოთხშაბათს დებატებში ერთმანეთს უშუალოდ დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანი ცდილობს პარტიის ნომინაცია მოიპოვოს და ამისთვის თავი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაფიო ალტერნატივად წარმოაჩინოს.
15 იანვარს აიოვის შტატში პარტიის კენჭისყრა გაიმართება, ეს პრაიმერების პროცესის ნაწილია. შტატში პარტიული კენჭისყრის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, სხვა თანაპარტიელებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ამიტომ, მიმომხილველები ამბობენ, რომ დესანტისსა და ჰეილის სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ პოზიციების გასაუმჯობესებლად.
ასევე ნახეთ: კონკურენტები ტრამპს 6 იანვრის საქმეში არ ადანაშაულებენტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ორ რესპუბლიკელს შორის დებატებს ოთხშაბათს, საღამოს 9:00 საათზე უმასპინძლებს. იმ ფონზე, როცა სხვა კონკურენტებმა ამ დებატებში მონაწილეობისთვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, ამ საღამოს ამომრჩევლის წინაშე ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ორი რესპუბლიკელი კანდიდატი - გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი და ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი დაუპირისპირდება. ექსპერტბის აზრით, პოლიტიკოოსები შეეცდებიან მათ შორის მკვეთრი განსხვავებები წარმოაჩინონ.
„ეს დებატები იქნება მათი ბოლო და საუკეთესო შანსი, აჩვენონ აიოვის ამომრჩევლებს, რატომ იმსახურებენ, იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ალტერნატივა“, - ამბობს საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას რესპუბლიკელი სტრატეგი, ჯიმი სენტერსი, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიასთან.
ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, დებატებში არც ამჯერად იქნება წარმოდგენილი. თუმცა ის, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ტელეკომპანია „ფოქსის“ პირდაპირ ეთერში წარდგება. ტრადიციულად, ის ყოველი დებატების პარალელურად, მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოდის სიტყვით, ან ინტერვიუს აქვეყნებს.
დებატების წინ, ნიკი ჰეილის კამპანიის სპიკერი, აქცენტს დონალდ ტრამპზე აკეთებს და არა - რონ დესანტისზე. „მას შემდეგ, რაც დებატების ეტაპი მხოლოდ ორ კანდიდატამდეა შემცირებული, დონალდ ტრამპის დამალვის დრო იწურება“, - თქვა ოლოვია პერეზ-კუბასმა. „როიტერი“ წერს, რომ დონალდ ტრამპისა და რონ დესანტისის კამპანიის წარმომადგენლებმა, დებატების წინ, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც შემდეგ პარტიის ნომინაციას მოიპოვებს, შეერთებული შტატების 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.