ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ამერიკა ფინანსური დახმარების მხრივ უკრაინას "არ უღალატებს"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები "არ უღალატებს “ მის ქვეყანას ომის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობის დაფინანსების შეწყვეტით.

შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილმა გასულ კვირას განუსაზღვრელი ვადით გადადო დახმარების იმ პაკეტის კენჭისყრა, რომელშიც უკრაინისთვის შეიარაღების მიცემაც შედის. თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ კიევისთვის აქამდე გამოყოფილი დახმარება წლის ბოლომდე ამოიწურება.

ასევე ნახეთ: ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დანიაში ამერიკის ჯარის განლაგება იქნება შესაძლებელი

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გვღალატობს და ის, რაზეც შეერთებულ შტატებში შევთანხმდით, სრულად შესრულდება“, - თქვა ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ სატელევიზიო პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ ფინანსური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიან ომში, რომელიც კრემლმა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო.

"ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ველოდებით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები თუ რისთვის არის ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ის [საომარ სიტუაციაზე]", - თქვა მან.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მალე დაამტკიცებს 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს. გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ უნგრეთმა კიევისთვის დახმარების პაკეტი დაბლოკა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ ყველაფერს", - განაცხადა ზელენსკიმ. "ახლა ეს დროის საკითხია."

მომავალ წელს უკრაინის ბიუჯეტს 43 მილიარდი დოლარის დეფიციტი ექნება. ზელენსკი იმედოვნებს, რომ დეფიციტის ნაწილის შევსებას პარტნიორების დახმარებით შეძლებს.