"როიტერი": არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი ჩინეთთან, ნატოსთან და უკრაინის მიმართ პოლიტიკას შეცვლის

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი, სავრაუაუდოდ, პენტაგონში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და დაზვერვის ცენტრალურ სააგნტოში (CIA), საკვანძო თანამდებობებზე კადრებს მის მიმართ ერთგულების მიხედვით შეარჩევს და დანიშნავს. ამის შესახებ, საინფრომაციო სააგენტო „როიტერი“, დიპლომატებისა და მისი თანაშემწეებისგან მოპოვებული კომენტარებით მომზადებულ სტატიაში წერს. „როიტერი“ წერს, რომ ამგვარი საკადრო პოლიტიკა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად განახორციელოს „იზოლაციონისტური პოლიტიკა და ახირება“, ვიდრე ეს პირველი ვადით პრეზიდენტობის დრო იყო.

ასევე ნახეთ: ტრამპის თანამებრძოლთა ნაწილს მისი საიმიგრაციო პოლიტიკა აშფოთებს

„შედეგი ტრამპს საშუალებას მისცემს, ძირეული ცვლილებები შეიტანოს აშშ-ის პოზიციაში, დაწყებული უკრაინის ომიდან, ჩინეთთან ვაჭრობით დამთავრებული. ასევე ფედერალურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ახორციელებენ და ზოგჯერ ზღუდავენ საგარეო პოლიტიკას, განაცხადეს თანაშემწეებმა და დიპლომატებმა“, - წერს „როიტერი“.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკა, ეს არის პერსონალი. მისი ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისში, ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული საკუთარი პოლიტიკის განხორციელებით და არა პრეზიდენტის პოლიტიკით", - თქვა რობერტ ობრაიენმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მეოთხე და ბოლო მრჩეველმა.

ამჟამინდელი და ყოფილი თანაშემწეები აცხადებენ, რომ მეტი ერთგული პერსონალის ყოლა, ტრამპს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ვიდრე ეს შეეძლო ადრე თანამდებობაზე ყოფნისას.

მიმდინარე წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის ძალებს მექსიკის კარტელების წინააღმდეგ განათავსებს. მიმომხილველებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მექსიკის ხელისუფლების თანხმობით მოხდეს.

თუ ის კვლავ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ტრამპი ცოტა დროს დაკარგავს ევროპისთვის თავდაცვითი დახმარების შემცირებასა და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების შემდგომ შემცირებაზე, განაცხადეს თანაშემწეებმა.

ობრაიენმა, რომელიც რჩება ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველად და მას რეგულარულად ესაუბრება, თქვა, რომ ნატოს ქვეყნებზე სავაჭრო ტარიფების დაწესება, თუ ისინი არ შეასრულებენ ვალდებულებებს, დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის შემთხვევაში.

„როიტერი“ წერს, რომ სტატიაზე მუშაობისას, დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.