ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის კამპუსში თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა და მეოთხე დაჭრა. თავდამსხმელი ამის შემდეგ პოლიციამ მოკლა.
მსროლელის ვინაობა სამართალდამცავებს საჯაროდ არ დაუსახელებიათ, არც ის უთქვამთ ქალი იყო ის, თუ - კაცი. ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც უშუალოდ მოკლულთა და დაშავებულის შესახებ, უცნობია უნივერსიტეტთან მათი კავშირის თაობაზეც.
ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა კევინ მკმაჰილმა თქვა, რომ დაჭრილი მოქალაქე სტაბილურ მდგომარებაშია. შერიფის ცნობით, რამდენიმე ადამიანს თავდასხმისას პანიკური შეტევა ჰქონდა, ნაკლებად სერიოზული ჭრილობები აქვს პოლიციის ზოგიერთ ოფიცერსაც, რომლებიც მისი თქმით, კამპუსის ჩხრეკისას დაშავდნენ, როცა არკვევდნენ, ხომ არ იყო მეტი თავდამსხმელი ან მსხვერპლი. თუმცა არც ერთი მათგანი კამპუსზე არ აღმოჩნდა.
თავდასხმის შესაძლო მოტივი არ უხსენებიათ და არც ის უთქვამთ რა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული.
ასევე ნახეთ: "პოლიტკოვსკაიას მკვლელი უკრაინაში ბრძოლის შემდეგ შეიწყალეს" - RBCვინსენტ პერესმა, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა ტელეკომპანია "MSNBC"-ისთან ინტერვიუში თქვა, რომ სანამ კამპუსზე უსაფრთხო ადგილს შეაფარებდა თავს, ბევრი გასრულა გაიგონა. "ვიტყოდი 7-8 გასროლა იყო, ერთმანეთის მიყოლებით, უფრო და უფრო ხმამაღალი. როგორც კი გავიგონეთ, შენობის შიგნით შევედით, მივხვდით, რომ ეს ნამდვილი სროლა იყო და კამპუსზე თავდამსხმელი იყო", - თქვა პერესმა.
ლას-ვეგასის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე დაახლოებით 25 000 სტუდენტი სწავლობს, 8000-ზე მეტი კი - სადოქტორო პროგრამებზე.
შერიფი ამბობს, რომ თავდასხმის გამო ბევრი კვლავ შეშინებულია და მომხდარმა ქალაქს 2017 წლის მასობრივი მკვლელობა გაახსენა, როცა ლას-ვეგასის ცენტრში კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებს თავდამსხმელმა მაღალსართულიანი სასტუმროდან გაუხსნა ცეცხლი და 60 ადამიანი მოკლა. ასობით მოქალაქე კი დაიჭრა. ეს ამერიკის ისტორიაში ერთი თავდამსხმელის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო.