ნოემბრის პირველი ნახევარი, ძალიან მძიმე გამოდგა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებისთვის. აღმოსავლეთის ფრონტზე, ოთხი ქართველი დაიღუპა, 9 დაიჭრა, ორი კი რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. 16 ნოემბერს, ბახმუტის ფრონტზე, სოფელ კლიშჩიივკასთან 31 წლის სოხუმელი ნიკოლოზ გელენიძე დაბომბვის დროს დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა.
Your browser doesn’t support HTML5
“ნიკა ორ აზერბაიჯანელ მებრძოლთან ერთად, იმყოფებოდა ოპერაციაზე, რომლის მიზანიც ოქტომბრის ბოლოს, კლიშჩიივკასთან დაღუპული ჩვენი მებრძოლის ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენება იყო.
ნიკა 1992 წელს გაგრის დაცემიდან 3 დღეში, სამგზავრო კატერ „განთიადი-7“-ზე დაიბადა, რომელსაც ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები ფოთში გადმოჰყავდა
სამწუხაროდ, მტერმა დრონებით ჯგუფი აღმოაჩინა, რასაც ძლიერი დაბომბვა მოჰყვა. ნიკა მძიმედ დაიჭრა, სისხლისგან დაიცალა და ადგილზე დაგვეღუპა. ჩვენთან მოსვლამდე იგი „შავი არწივის“ დანაყოფში იბრძოდა“ - განაცხადა გოჩა ხორავამ, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ მეთაურმა. ეს შენაერთი უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის ნაწილია.
წარმოშობით სოხუმელი ნიკოლოზ გელენიძე 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, გაგრის დაცემიდან 3 დღეში, 9 ოქტომბერს, სამგზავრო კატერ „განთიადი-7“-ზე დაიბადა, რომელსაც ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები აფხაზეთიდან ფოთში გადმოჰყავდა. სოხუმელმა დედამ, 17 წლის ფეხმძიმე ლია ჩორგოლაშვილმა ნიკა ღია ზღვაში გააჩინა.
ნიკა გელენიძე, რომელიც ფოთში გაიზარდა და ცხოვრობდა, უკრაინაში საბრძოლველად შემოდგომის დასაწყისში წავიდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ქართველი მებრძოლის პანაშვიდი 21 ნოემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
დავკარგეთ ძალიან მაგარი და გამოცდილი მებრძოლები რამაზი და ბექა. ლეგიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, მძიმედ დაჭრილებიც გვყავსმამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური
გელენიძის დაღუპვამდე, ორი დღით ადრე მძიმე დანაკარგი „ქართულმა ლეგიონმა“ განიცადა. გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს, დროებით ანექსირებულ ქალაქ ჰორლივკას მიმართულებით, საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის სერჟანტი, 45 წლის გალელი რამაზ ფეტელავა და 24 წლის ვაზიანელი ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ. „ლეგიონმა“ დაჭრილების სახით ასევე, 11 მებრძოლი დაკარგა.
რამაზ ფეტელავა 19 წელი ემსახურა საქართველოს არმიას, იყო აგვისტოს ომის და არაერთი მისიის მონაწილე; ქართულ ჯარში და საფრანგეთის ლეგიონში იმსახურა უკრაინაში ჩასვლამდე ბექა ლომაშვილმა, რომელმაც ვაზიანის მე-2 საშუალო სკოლა დაამთავრა.
„ოპერაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ძალიან მაგარი და გამოცდილი მებრძოლები რამაზი და ბექა. ლეგიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, მძიმედ დაჭრილებიც გვყავს, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა, „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა.
11 ნოემბერს, ასევე აღმოსავლეთის ფრონზე, გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს დაიღუპა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ინსტრუქტორი და გამნაღმველი, 25 წლის რუსთაველი ირაკლი ქურციკიძე. ირაკლი უკრაინაში 2022 წლის მაისში წავიდა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ქვედანაყოფში ირიცხებოდა.
თავდაცვის სამინისტროს არ უნდოდა მისი გაშვება, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, თავად გადაწყვიტა უკრაინის დახმარება, იქ წყდება ჩვენი ბედიოირაკლი ბერაძე
„პროფესიონალი სამხედრო იყო, გორში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ინსტრუქტორად და გამნაღმველად, როგორც გორში, ისე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე და ვარკეთილის სამხედრო პოლიგონზე.
თავდაცვის სამინისტროს არ უნდოდა მისი გაშვება, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მაგრამ თავად გადაწყვიტა უკრაინის დახმარება, იქ წყდება ჩვენი ბედიო, ასე ამბობდა. არაერთ ურთულეს ოპერაციაში იყო ჩართული“ - აღნიშნა ირაკლის სიძემ, ირაკლი ბერაძემ.
ირაკლი ქურციკიძის ცხედარს საქართველოში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. პოლონეთის გავლით ასევე გადმოასვენებენ ნიკოლოზ გელენიძის ცხედარსაც.
რამაზ ფეტელავას და ბექა ლომაშვილის ცხედრების გამოსვენება ფრონტის ხაზიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ნოემბრის დიდი დანაკარგის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 59-ს მიაღწია. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 59 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.