პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ, ზურაბიშვილის განცხადებას განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუ განიხილეს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების გასამართლებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ელჩს განუმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხი, როცა ამბობს, რომ გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, მაგრამ არარეალისტურია, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში იყო ნათქვამი.

ასევე ნახეთ: რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში - საფრთხეები და მიზნები

"ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან, კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, 13 ნოემბერს, ჩინეთის ელჩს საქართველოში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და ხალხის პოზიციას.

სალომე ზურაბიშვილი ამ ინტერვიუში გამოთქმული პოზიციების გამო თავდასხმის სამიზნე გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდანაც.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა - გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ დიპლომატური პრობლემები თავიდან აერიდებინა. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 14 ნოემბერს.

ასევე ნახეთ: „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ 11 ნოემბერს მისცა. ის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გასულ კვირაში, პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობდნენ.

2023 წლის ივლისში, პეკინში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას, საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ეტაპია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელიც ბოლო წლებში „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკისა და „შუა დერეფნის“ ფარგლებში სწრაფად ვითარდებოდა, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ ნაბიჯს აღიქვამს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.