საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ დადებით რეკომენდაციის სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 8 ნომებერს მან მიულოცა ქართველ ხალხს ევროკომისიის "ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება".
" ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა - საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა, რადგან ეს მიღწევა მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის გუნდის დამსახურებით გახდა შესაძლებელი.
ასევე ნახეთ: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - 9 დათქმაევროკომისიას "სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. სოციალურ ქსელში მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც.
„20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა - სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს", - ამბობს კობახიძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის განმავლობაში "უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა".
"უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს", - ამბობს კობახიძე და დასძენს: "მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს - ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი".
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას საქართველოს პრეზიდენტიც სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა. მიესალმა რა ბრიუსელის ნაბიჯს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
"ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და ბიძგი მივცე ჯერ კიდევ საჭირო რეფორმებს".