ისრაელი ღაზასთან კავშირებს წყვეტს

ისრაელი ღაზასთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იყვნენ გადასულები, ანკლავში აბრუნებს. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ისრაელი ღაზასთან კონტაქტს წყვეტს. აღარ შემოვლენ პალესტინელი მუშები ღაზიდან. ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დროს ისრაელში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ღაზაში დაბრუნდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

“ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმამდე, რომელსაც 1400 ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის დაახლოებით 18 000 მცხოვრებს უფლება ჰქონდა ისრაელის ტერიტორიაზე შესულიყო და იქ ემუშავა.

ღაზაში ისრაელის მიერ დაწყებული სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებისას, ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, 9000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.