პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამერიკელ ერს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხად, გასამხედროებული დაჯგუფების წინააღმდეგ გამოცხადებული ისრაელის ომი ერთმანეთთან დააკავშირა და ამერიკელ ხალხს მიმართა, მხარი დაუჭიროს ორ დემოკრატიას, რომლებიც, მისი თქმით, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას.
„“ჰამასი“ და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო, - ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, მათი სრული განადგურება“ - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: აშშ-მა "ჰამასის" დამფინანსებლებს, ისრაელზე თავდასხმის პასუხად სანქციები დაუწესამიმართვის დასაწყისში, პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს.
„ჩვენ ისტორიაში გარდამტეხი წერტილის წინაშე ვდგავართ. ეს არის იმ მომენტთაგან ერთ-ერთი, როცა გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, განსაზღვრავს მომავალს, ათწლეულების განმავლობაში“, - თქვა პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენი, ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა და ვაშინგტონში 19 ოქტომბერს დაბრუნდა. სიტყვით მიმართვისას, მან თელ-ავივში თავისი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი შეაჯამა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელს, აშშ-ის პრეზიდენტი ომის მიმდინარეობისას ეწვია.
„შევხვდი პრემიერ-მინისტრს და მისი კაბინეტის წევრებს. რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო, შევხვდი ისრაელელებს, რომლებმაც საშინელება განიცადეს, - „ჰამასის“ თავდასხმა, 7 ოქტომბერს. 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, სულ მცირე, ამერიკის 32 მოქალაქე. ათობით უდანაშაულო ადამიანი, - დაწყებული ჩვილებიდან, მოხუცები, ბებია-ბაბუები. ისრაელელები, ამერიკელები მძევლად აიყვანეს. როგორც „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახებს ვუთხარი, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ მათი საყვარელი ადამიანები შინ დავაბრუნოთ. როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემთვის არ არსებობს უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება“, - თქვა პრეზიდენტმა.
მიმართვის დასაწყისშივე, პრეზიდენტმა თქვა, - „მე ასევე ვესაუბრე პრეზიდენტ აბასს, პალესტინელთა ხელისუფლებას და გავიმეორე, რომ შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების ერთგული.“
ჯო ბაიდენმა, მწუხარება გამოთქვა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო, „მათ შორის ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რომელიც ისრაელელებს არ ჩაუდენიათ.“
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ანტისემიტიზმი, ასევე ისლამოფობია მიუღებელია და ამერიკულ საზოგადოებაში ამის ადგილი არ არის.
„ამერიკის ლიდერობა“ - დახმარება უკრაინას და ისრაელს
ერისადმი თითქმის 15 წუთიან მიმართვაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერობას და თქვა - „ეს არის ის, რაც აერთიანებს მსოფლიოს. ამერიკული ალიანსები არის ის, რაც გვაძლევს ჩვენ, ამერიკას, უსაფრთხოებას. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს მუშაობა სურთ“. მისი თქმით, თუ ამერიკა და ამერიკელი ხალხი „დაშორდება უკრაინას და ზურგს აქცევს ისრაელს“, ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დადგება.
ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას. მე უარს ვამბობს ეს მოხდეს.ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, - „სწორედ ამიტომ, ხვალ ვაპირებ გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნის გაგზავნას კონგრესში, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები - ჩვენი კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორების, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერის საჭიროება. ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც გადაიხდის დივიდენდებს ამერიკის უსაფრთხოებისთვის, თაობების განმავლობაში.“
„უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვთხოვ კონგრესს, დარწმუნდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნა, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის და ქვეყნის შეფერხების გარეშე დასაცავად. უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინის სისასტიკე უკრაინაში. ისინი წარმატებას აღწევენ. როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა ფიქრობდა, რომ კიევს და მთელ უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა. პუტინმა მარცხი განიცადა და ის აგრძელებს მარცხს. უკრაინელი ხალხის სიმამაცის გამო, კიევი კვლავ დგას. უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის ჯარების მიერ იქამდე ოკუპირებული ტერიტორიის 50%“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ბაიდენი, სიტყვით მიმართვისას, შეერთებულ შტატებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმარა და თქვა - „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, წვრილმანმა პარტიულობამ და გაბრაზებულმა პოლიტიკამ, შეაფერხოს ჩვენი, როგორც დიდებული ერის პასუხისმგებლობები. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას. მე უარს ვამბობს ეს მოხდეს.“
პრეზიდენტმა ბაიდენმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის, უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას. ისინი ამას აგრძელებენ. და მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის ფასი და საფრთხე სულ უფრო იზრდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკა და მოკავშირეები, არ შეაჩერებს „პუტინის მადას, ძალაუდფლებისა და უკრაინის კონტროლისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.“
მოსალოდენლია, რომ თეთრი სახლი კონგრესს, მომდევნო წლისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობით "უსაფრთხოების გადაუდებელი ბიუჯეტის" დამტკიცებას სთხოვს.
ადმინისტრაციის წინადადება, რომელიც პარასკევს გახდება ცნობილი, მოიცავს დაფინანსებას უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვრის მართვისთვის.
პრეზიდენტი ბაიდენი იმედოვნებს, რომ ყველა ამ საკითხის ერთ კანონმდებლობაში გაერთიანება, კონგრესში მის დასამტკიცებლად, საჭირო პოლიტიკურ კოალიციას შექმნის.
„მთელ მსოფლიოში არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც ჩვენი იმედი აქვთ; ვისაც, ჩვენ გამო, უკეთესი ცხოვრების იმედი აქვს, ვინც სასოწარკვეთით გველოდება და ელოდება, რომ არ დავივიწყებთ. მაგრამ, დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ვიცი, რომ შინ, ჩვენ გვაქვს განსხვავებები და მათზე უნდა ვიმუშაოთ. ასეთ მომენტებში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ. ჩვენ ვართ ამრიკის შეერთებული შტატები და არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა, თუ ამას ერთად გავაკეთებთ", - ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა ბაიდენმა ერისადმი მიმართვა.
პრეზიდენტობის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ერს ოვალური კაბინეტიდან მეორედ მიმართა. ამ ფორმით, ჯო ბაიდენმა პირველად ერს მას შემდეგ მიმართა, რაც კონგრესმა მიიღო ბიუჯეტის ორპარტიული კანონმდებლობა, რათა დეფოლტი თავიდან აეცილებინა.