პალესტინელები ღაზის ჩრდილოეთიდან გარბიან

Israel Palestinians

ათასობით პალესტინელი ისრაელის სახმელეთო სამხედრო ოპერაციის მოლოდინში ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებს. ისრაელი კი საჰაერო შეტევებს აგრძელებს, დაიწყო სახმელეთო რეიდებიც. ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხალხს გაქცევის საშუალებას აძლევენ და ორ გზას ღიას ტოვებენ.

ისრაელმა პირობა დადო, რომ დაჯგუფება "ჰამასს", რომელმაც 7 ოქტომბერს ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობაზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსხვერლის გამომწვევი თავდასხმა მოაწყო, გაანადგურებს. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმისას 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

ამის შემდეგ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორი სრულ ალყაში მოაქციეს და მის წინააღმდეგ უპრეცედენტო საჰაერო იერიშები დაიწყეს. სექტორში 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი იფიციალური პირები ამბობენ, რომ საჰაერო იერიშებს იქ 2 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათი მეოთხედი კი ბავშვი იყო. დაშავებულია 10 000-მდე ადამიანი.

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებლებს ანკლავის დატოვებისთვის ვადა შაბათამდე მისცა. მათ სამხრეთისკენ გადააადგილებისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ დათქმულ დრომდე ისინი კონკრეტული მარშრუტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ სექტორის მცხოვრებლებს ჰაერიდან ჩამოყრილი ბროშურებიდანაც შეატყობინეს. თუმცა გაერო ამბობს, რომ მიცემული დრო ძალიან ცოტა იყო საიმისოდ, რომ ამდენ ადამიანს ევაკუაცია მოეხერხებინა, ამასთან შეუძლებელი გახდებოდა საავადმყოფოებში მყოფი დაშავებულების გადაყვანაც. გაეროში ამბობენ, რომ აუცილებელია ღაზის წყალმომარაგების სისტემისთვის შესაბამისი საწვავისა და ენერგიის მიწოდების აღდგენა, რათა ალყაში მყოფ სექტორში დაავადებების გავრცელების საშიშროება თავიდან აირიდონ.

ასევე ნახეთ: ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო რეიდები დაიწყო

"ღაზის ირგვლივ ისრაელის რეზერვისტები ემზადებიან ოპერაციების შემდგომი ეტაპისთვის. ისინი არიან ღაზის სექტორის ირგვლივ - სამხრეთში, ცენტრში, ჩრდილოეთში. ისინი ემზადებიან ყველანაირი დავალებისა და სამიზნისთვის, რომელსაც მიიღებენ", - განაცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონათან კონრიკუსმა.

ამავე დროს კი, დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს არ დატოვონ სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და რომ ის ორი გზა, რომლის უსააფრთხოების გაარანტიასაც ისრაელი იძლევა, მაინც არაა უსაფრთხო. "ჰამასის" თქმით, სწორედ ამ გზებზე ლტოლვილების გადამყვან მანქანებსა და სატვირთოებზე საჰაერო თავდასხმებისას პარასკევს ათობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ამის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება ჟურნალისტებს არ აქვთ. ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასი" მოქალაქეეებს ფარად იყენებს და სწორედ ამიტომ არ აძლევს საშუალებას საშიში რაიონები დატოვონ.

დაბომბილი ტერიტორიების მცხოვრებთა ნაწილმა თავი ქუდსის ჰოსპიტალს შეაფარა და ისინი სამხრეთით აპირებენ წასვლას, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ ამას არასდროს გააკეთებდნენ, რომ არა მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. "ეს გენოციდია", "საშინელების ღამე", "სასჯელი იმისთვის, რომ საკუთარი სახლის დატოვება არ გვინდა", "ხალხი ნანგრევებში რჩება", - ასე აფასებენ პალესტინელები ისრაელის იერიშებს მათი დასახლებების წინააღმდეგ.

ისრაელელები კი "ჰამასის" მიერ ტყვედ წაყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე ნახეთ: ლიბანში "როიტერის" ჟურნალისტი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა

ღაზის სექტორიდან ერთადერთი გასასვლელი, რომელსაც ისრაელი არ აკონტროლებს, ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტია. ოფიციალური კაირო აცხადებს, რომ გასასვლელი ღიაა, მაგრამ ლტოლვილები ვერ შემოდიან, რადგან ისრაელის საჰაერო იერიშები მათ სამხრეთით გამოქცევაში ხელს უშლის.

ამასთან, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებში ამბობენ, რომ გაზრდილია მობილიზაცია და კაიროს არ სურს პალესტინელი ლტოლვილების ნაკადის მიღება. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ეგვიპტეში უკვე გააგზავნეს დევნილებისთვის საჭირო გადაუდებელი საჭიროების დახმარება, მაგრამ მისი ღაზის სექტორში შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ისრაელი ამბობს, რომ მასთან კოორდინაციის გარეშე რაფის გამშვები პუნქტიდან იქ ვერაფერი შევა.