მოსალოდნელია, რომ რობერტ ფიტცჯერალდ კენედი უმცროსი, გარემოს დაცვის ადვოკატი, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აქტივისტი და ყოფილი სენატორის ვაჟი, დღეს ფილადელფიაში გამოაცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის რბოლაზე უარს ამბობს და საპრეზიდენტო რბოლაში დამოუკიდებელ კანდიდატად ჩაერთვება.
კენედის საარჩევნო კამპანიამ, გასული თვის ბოლოს, „იუთუბზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც „ამერიკული პოლიტიკის ძირეული ცვლილების“ პირობა დადეს.
პოლიტიკური სტრატეგოსები ამბობენ, რომ მდიდარი მხარდამჭერების, ცნობილი სახელის და წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობის ერთობლიობამ, შესაძლოა მის კამპანიას ბიძგი მისცეს.
ასევე ნახეთ: კენედი ბაიდენის წინააღმდეგგასულ კვირაში გამოქვეყნებული „როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, შესაძლოა, კენედიმ შვიდიდან ერთი ამერიკელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღოს და წაართვას როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ პრეზიდენტს.
გასულ კვირაში, სენტ-ლუისში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შეკრებაზე, პარტიის ერთგული წევრები კენედისადმი გულგრილ დამოკიდებულებასაც გამოხატავდნენ და შეშფოთებასაც.
„სახელის გარდა, მას რა გააჩნია? ის თავისი ოჯახის მემკვიდრეობის ანათემაა. რაღაც სამარცხვინოა“, - განაცხადა მინესოტის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა, კენ მარტინმა.
ბევრი დემოკრატი ასევე მიანიშნებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატების წინაშე ჩნდება, რაც ბევრ შტატში, საყოველთაო არჩევნების ბიულეტენში მოხვედრას უკავშირდება. ერთი ასეთი გამოწვევა ათობით ათასი ხელმოწერის შეგროვებაა.
სხვები სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.
„ეს ძალიან კონკურენტული რბოლაა და ყოველ ხმას მნიშვნელობა აქვს. ამ არჩევნებში ვარდისფერი სათვალეებით ვერ ჩავერთვებით“, განაცხადა ქალაქ ვაშინგტონის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჩარლზ ვილსონმა.