საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან "გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას" ელოდება ინფორმაციაზე, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
დღეს, 2 ოქტომბერს, სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე დიდი ჯგუფი გადაამზადეს, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ასევე ნახეთ: როდის აღდგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა?"ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. თუმცა, რა თქმა უნდა, დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება", - თქვა ღარიბაშვილმა.
"ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი.
კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე ნახეთ: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ - სახელმწიფო დეპარტამენტიბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.