არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში თავს დაესხნენ რუსი ეკონომისტის, მაქსიმ მირონოვის მეუღლეს. მირონოვი ალექსი ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროგრამის ეკონომიკური ბლოკის თანაავტორია.
უცნობი მამაკაცი ალექსანდრა პეტრაჩკოვას უკნიდან მიუახლოვდა, როდესაც ის ათი თვის ბავშვთან ერთად სეირნობდა, მას სახეში დაარტყა და ინგლისურად თქვა: „რუსეთისგან თავი შორს დაიჭირე“. წყვილმა პოლიციას მიმართა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა ნავალნის მოწამვლის გამო 4 რუსი აგენტი დაასანქცირამირონოვის განცხადების თანახმად, მის მეუღლეს სერიოზული ტრავმები არ მიუღია. „თავდამსხმელმა ძლიერად არ დაარტყა. მიზანი არა სხეულის რაიმე დაშავება, არამედ სავარაუდოდ იმის ჩვენება იყო, რომ ჩემს ოჯახზე ხელი მიუწვდებათ და სურვილის შემთხვევაში, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ“, თქვა მაქსიმ მირონოვმა. მომხდარი მან იმას დაუკავშირა, რომ საჯაროდ ყვება დასავლური სანქციების გვერდის ავლის ხერხებზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს.
ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მირონოვმა განაცხადა, რომ უცნობმა მამაკაცმა მას ბინაში დაურეკა და იგივე უთხრა: „რუსეთისგან და რუსეთის პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირე“.
მაქსიმ მირონოვი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2003 წელს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მაგისტრატურა დაამთავრა. 2008 წელს კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ასპირანტურაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. სოციალურ ქსელებში მას აქტიურად მიჰყავს რამდენიმე ბლოგი, რომლებშიც რუსული ოპოზიციის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.