რისთვის იბრძვიან და იღუპებიან ქართველები რუსეთის საოკუპაციო არმიაში?

უკრაინაში მოკლული, რუსეთის არმიის საჰარეო-სადესანტო ჯარების ჯარისკაცის ზურაბ ხოზრევანიძის საფლავი სოფელ ჯიხანჯურში, ქობულეთი

ზურაბ ხოზრევანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის სასაფლაოზე შარშან დაკრძალეს. საფლავის ქვაზე ხოზრევანიძე რუსეთის არმიის საჰაერო-სადესანტო ძალების ფორმით არის გამოსახული. როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ამ დროისთვის, ეს ერთადერთი დადასტურებული შემთხვევაა, როცა უკრაინაში მოკლული რუსეთის არმიის ჯარისკაცი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

15 წელზე მეტი ცხოვრობდა რუსეთში, რუსეთის მოქალაქე იყო და იქაურ სამხედროში მსახურობდა. კიდე რა გაინტერესებთ, რას ეძიებთ, რა გინდათ...
ჯემალ ხოზრევანიძე

რუსული წყაროებით დასტურდება, რომ 31 წლის ხოზრევანიძე უკრაინაში შეჭრის დროს დაიღუპა, თუმცა სად და რა ვითარებაში უცნობია. “ძალიან გვაკლიხარ ძმაო, დაიღუპა თანამებრძოლის შველის დროს“ - წერს ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე, სავარაუდოდ, ხოზრევანიძის თანამებრძოლი ევგენი ნოვიკოვი.

„15 წელზე მეტი ცხოვრობდა რუსეთში, რუსეთის მოქალაქე იყო და იქაურ სამხედროში მსახურობდა. კიდე რა გაინტერესებთ, რას ეძიებთ, რა გინდათ...“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გარდაცვლილის მამამ ჯემალ ხოზრევანიძემ. თავიდან მან ინტერვიუზე კატეგორიული უარი გვითხრა. შემდეგ, შემოგვითვალა რომ მზად იყო ესაუბრა, თუმცა, პირველივე კითხვის დროს ტელეფონი გათიშა.

ზურაბ ხოზრევანიძე 15 წელზე მეტი რუსეთში ცხოვრობდა, იყო რუსეთის მოქალაქე, თუმცა საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებდა

სოფელ ჯიხანჯურში ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. სასაფლაოზე, სადაც ხოზრევანიძე დაკრძალეს, აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მეორე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი ვაჟა შაინიძეა დაკრძალული. რუსეთთან 2008 წლის ომში, დაბა ოჩხამურის თემიდან, სადაც ჯიხანჯურიც შედის, ვაჟა შაინიძის გარდა, გმირულად კაპრალები ამირან და გიორგი შაინიძეებიც დაიღუპნენ.

ზურაბ ხოზრევანიძის გარდა, „ამერიკის ხმამ“ უკრაინაში დაღუპული კიდევ 35 ქართული გვარის მქონე ჯარისკაცი და მოხალისე აღმოაჩინა. მათ შორის, როგორც გავარკვიეთ, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ხოზრევანიძეს ჰქონდა.

"ვაგნერელთა" ახალი სასაფლაო და "ვაგნერელი" გიორგი მამუკას ძე აბდულაშვილის საფლავი, ის უკრაინაში 27 ივნისს მოკლეს

ეს სია, არასრულია და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ რუსეთის არმიაში ქართული გვარის მქონე დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყოს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს.

ის თავის თავს რუსეთის შვილად აღიქვამს და უკრაინაც მისთვის ისეთივე მტერია, როგორც ნებისმიერი სხვა რუსისთვის
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი

ასეთი სახის ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება „რუსეთის შეირაღებული ძალების დისკრედიტაციად“ მიიჩნევა და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აგრესორის სამხედრო დანაკარგებს უკრაინაში რამდენიმე გამოცემა ღია წყაროებზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად აღრიცხავს.

„ისინი (რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები ან წარმოშობით ქართველები) იმდენად არიან ინტეგრირებული რუსეთის საზოგადოებაში, თავს უკვე რუსეთის მოქალაქეებად აღიქვამენ და ვალდებულნი არიან შეასრულონ იქაური კანონმდებლობა.

შეიძლება, ერთი-ორი არის იქ ვიღაც (საქართველოს მოქალაქე), მაგრამ ბირთვში ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. თუ, მათ არ აქვთ რუსეთის, კრემლის მიმართ სრული ლოიალობა, მაშინ ისინი იქ ვერ გაჩერდებიან - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ, რომელიც წლების მანძილზე დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

Your browser doesn’t support HTML5

გოცირიძე: "ისინი თავს უკვე რუსებად აღიქვამენ"

მისი თქმით, „რუსეთის მოქალაქეზე იმხელა იდეოლოგიური პრესია, რომ ყველა ვერ უძლებს ამას. მერე, ომში ახლა თავისი ნებით არავინ არ მიდის, არავის არ უხარია, მაგრამ ხო, ის თავის თავს იმ ქვეყნის (რუსეთის) შვილად აღიქვამს, შეიძლება ხაჭაპური ან ხარჩო უყვარს ქართული, მაგრამ ღირებულებებით ის იქ არის და უკრაინაც მისთვის ისეთივე მტერია, როგორც ნებისმიერი სხვა რუსისთვის“.

მინახავს სიები, რუსეთის არმიის და „ვაგნერის“.. იქ არაერთი ქართული გვარი იყო, აბულაძე, ბარბაქაძე, გელაშვილი, ხაჩიძე, ხარჩილავა, ივანაშვილი, აკოფაშვილი, კენკიშვილი..

უკრაინაში ქართული გვარის მქონე დაღუპულთა სიაში, შვიდი - რუსეთის არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა. ექვს-ექვსი - „ვაგნერელი“ (მათ შორის, გიორგი აბდულაშვილი, იგი სამჯერ იყო ნასამართლევი და ომში გასაგზავნად ციხიდან გამოიყვანეს) და მობილიზებულ-მოხალისეა. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებიდან - 3 პირია; თითო - სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, როსგვარდიიდან და მილიციიდან;

„მინახავს სიები, რუსეთის არმიის და „ვაგნერის“ სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის, რომელიც ჩვენს დაზვერვას ჩაუვარდა ხელში, იქ არაერთი ქართული გვარი იყო, აბულაძე, ბარბაქაძე, გელაშვილი, ხაჩიძე, ხარჩილავა, ივანაშვილი, აკოფაშვილი, კენკიშვილი, კოტორაშვილი, ბერძენიშვილი, ქავთარაძე, ბოჭორიშვილი, ხევსურიანი...“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგიმ ს-მ (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში საქართველოდან მოხალისედ იბრძვის.

"ვაგნერელი" ზურაბ ვალიკოს ძე აბელაშვილის მემორიალური დაფა ვორონეჟის ოლქში

გიორგი ამბობს, რომ პირადად უკრაინაში, ბრძოლის ველზე, რუსების მხარეს მებრძოლი წარმოშობით ან გვარით ქართველი არ შეხვედრია, თუმცა იცის, რომ ასეთები არც თუ ისე ცოტაა.

არის კიდევ ერთი კატეგორია, პრორუსების, იგივე გივი ვანიშვილი, რომელიც 2008 წელს ღალატისთვის იჯდა და 2012 წელს, ამნისტიით გამოუშვეს, გორიდან შეუერთდა რუსეთის არმიას

„რუსეთის ჯარში ქართული გვარის მქონეები რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. ისინი ვინც, საბჭოთა პერიოდიდან ან სსრკ-ის დაშლის მერე, რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არც ქართული იციან და არც შეხება აქვთ საქართველოსთან, უბრალოდ მამის გვარს ატარებენ და რუსები არიან, ასეთები საკმაოდ ბევრია.

მეორე კატეგორიაა, ჩვენი კონფლიქტების და ეკონომიკური გაჭირვების დროს წასული ხალხი, ეთნიკური ქართველები ან შერეული ოჯახები, რომლებსაც შვილები იქ შეეძინათ, რუსეთის მოქალაქეები არიან დაბადებიდანვე და პუტინის ამ მხეცური იდეოლოგიით აღიზარდნენ.

მესამე კატეგორია, რომლებმაც ქართული იციან, შეიძლება ცუდად, მაგრამ ახსოვთ, მშობელი ან ოჯახის წევრი საქართველოშიც ჰყავთ.

და, არის კიდევ ერთი კატეგორია, პრორუსების, იგივე გივი ვანიშვილი, რომელიც 2008 წელს, ღალატისთვის იჯდა და 2012 წელს, ამნისტიით გამოუშვეს, გორიდან შეუერთდა რუსეთის არმიას და რუსები ამას პროპაგანდისთვის მშვენივრად იყენებენ.

საქართველოში 2012 წლის ბოლოს შეწყალებული, პუტინის ხმამაღალი მხარდამჭერი გივი ვანიშვილი უკრაინაში რუსების მხარეს იბრძვის

ყველა ეს კატეგორია, ქართული გვარით ჩემთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსი. ამათმა უკრაინაში მოაწყვეს ბუჩას, ირპენის, იზიუმის და სხვა შემზარავი სასაკლაოები, ზუსტად ისე, როგორც მანამდე მოგვიწყვეს ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, თამარაშენში, ქურთაში“ - გვეუბნება გიორგი, რომელიც მტერს ამჟამად ზაპოროჟიის მიმართულებაზე ებრძვის.

ჩემთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსი. ამათმა უკრაინაში მოაწყვეს ბუჩას, ირპენის, იზიუმის სასაკლაოები, როგორც მანამდე მოგვიწყვეს ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და ცხინვალში

რუსეთის მხარეს მებრძოლ დაღუპულთა შორის არის კიდევ ერთი კატეგორია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, ქართული ან ქართული დაბოლოების გვარებით, რომლებიც თავს აფხაზებად (მათი დიდი ნაწილი მოხალისეთა დაჯგუფება „პიატნაშკაში“ იბრძოდა) და მეგრელებად მიიჩნევდნენ (ჭყონია, ბებია, კირკინაძე, ტაბაღუა, ბახტაძე).

რამინ ბახტაძე ოკუპირებული გალის რაიონში დაიბადა და 11 წლამდე სოფელ პირველ ოტობაიაში იზრდებოდა. შემდეგ დედასთან ერთად, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ვაგნერში“ მოხალისედა ჩაეწერა და უკრაინაში, 2022 წლის 31 დეკემბერს მოკლეს.

„ის ყოველთვის ამბობდა, რომ მეგრელი ვარ და არა ქართველიო“ - ამბობს მამამისი, რომელიც ისევ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის სოფელ პირველ ოტობაიაში ცხოვრობს.

Your browser doesn’t support HTML5

ზაქარეიშვილი: არის მოგუდული უკმაყოფილება, არა დიდი პროტესტი

სიაში არიან ეთნიკური ოსებიც, ქართული გვარებით (ქენქაძე, მუზაშვილი, გაზაშვილი, გოლოშვილი, გონოშვილი, ზაგაშვილი). მათი უმრავლესობა დაჯგუფება „შტორმი-ოსეთში“ და რუსეთის 58-ე არმიაში იბრძოდა, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს.

რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმიის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, ზაპოროჟიის ფრონტზე, „შტორმი-ოსეთმა“ კოლოსალური დანაკარგები განიცადა. 2022 წლის თებერვლიდან კი უკრაინაში, რუსეთის დროშის ქვეშ, სულ მცირე, 400-ზე მეტი ეთნიკური ოსი დაიღუპა.

არის უკმაყოფილება, მაგრამ ძირითადად, ვინც იღუპება ცხინვალიდან და სოხუმიდან, ყველა მოხალისეა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა, მოგუდული უკმაყოფილება იგრძნობა - სად იღუპებიან ჩვენი შვილები, ამას ჯერ დიდი პროტესტი არ გამოუწვევია.
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ როგორც ვლადიკავკაზში, ისე ცხინვალსა და სოხუმში, არის უკმაყოფილება უკრაინის ომში დაღუპულების გამო, მაგრამ ეს ჯერ სერიოზულ პროტესტში არ გადაზრდილა.

„არის შინაგანი უკმაყოფილება, მაგრამ ძირითადად, ვინც იღუპება ცხინვალიდან და სოხუმიდან ყველა მოხალისეა, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან. ცხინვალიდან მაინც ბევრი მსახურობდა ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის არმიის სხვადასხვა ნაწილებში და ვალდებულებები ჰქონდათ. ამიტომ, მე ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა საჯარო დონეზე, მაგრამ შიდა, მოგუდული უკმაყოფილება საზოგადოებაში იგრძნობა, რომ სად იღუპებიან ჩვენი შვილები, ეს არის, მაგრამ ამას ჯერ დიდი პროტესტი არ გამოუწვევია“ - გვითხრა ზაქარეიშვილმა.

ქართული გვარის რუსეთის მოქალაქეები, უკრაინაში ტყვედაც ჩავარდნენ. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, წელს, ივნისის დასაწყისში მოხდა. რუსეთის მოქალაქე ნოდარ ბახტურიძე ბახმუტთან უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.

სიღნაღში, ნუკრიანში მცხოვრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ბახტურიძე 30 წელი რუსეთში, ციმბირში ცხოვრობდა, სადაც 2017 წელს, მკვლელობისთვის გაასამართლეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ტყვედ ჩაბარების შემდეგ, ბახტურიძე ირწმუნება, რომ „ვაგნერს“ რუსული ციხიდან თავის დასაღწევად შეუერთდა და როგორც კი პირველი შანსი მიეცა, იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა.

უკრაინაში მოკლული რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მზვერავი, სერჟანტი ალექსანდრე ბედაიძე

უკრაინაში დაღუპული რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი ქართული გვარის მქონე პირები (2022-2023)

ვიტალი მელიქიძე, 33 წლის, „ვაგნერი“, 22.07.2023

ავთანდილ ლობჟანიძე, 55 წლის, „ვაგნერი“, 17.07.2023

გიორგი აბდულაშვილი, 33 წლის, „ვაგნერი“, 27.06.2023

საკო ქენქაძე, 35 წლის, „შტორმი-ოსეთი“, 16.06.2023

რომან ხოჯაშვილი, [ასაკი უცნობია], მოხალისე, 05.06.2023

ოლეგ ბებია, [ასაკი უცნობია], „პიატნაშკა“, 16.05.2023

სერგეი თხელიძე, 28 წლის, მოხალისე, 05.05.2023

დაურ ჭყონია, 35 წლის, „პიატნაშკა“, [ზუსტი თარიღი უცნობია].05.2023

არტურ მუზაშვილი, 26 წლის, მოხალისე, 06.04.2023

ოლეგ ბერიშვილი, 45 წლის, მოხალისე, 28.03.2023

გიორგი გაზაშვილი, 38 წლის, „შტორმი-ოსეთი“, 09.02.2023

დიმიტრი მულაძე, 45 წლის, „ვაგნერი“, 06.02.2023

დავით გეუნაშვილი, 22 წლის, მობილიზებული, 01.02.2023

ვეფხია გოლოშვილი, [ასაკი უცნობია], შტორმი-ოსეთი“, 31.01.2023

ალექსი ბექაური, 31 წლის, არმია, კონტრაქტით, 13.01.2023

ალექსანდრე ბეგლარაშვილი, 38 წლის, მობილიზებული, 04.01.2023

რამინ ბახტაძე, 49 წლის, „ვაგნერი“, 31.12.2022

ბესლან ტაბაღუა, 24 წლის, არმია, კონტრაქტით, 01.12.2022

ვასილ საკანელაშვილი, 34 წლის, „ვაგნერი“, 30.11.2022

რუსლან ქორთიაშვილი, 38 წლის, მობილიზებული, 27.11.2022

გოდერძი ნარიმანიშვილი 21 წლის, მობილიზებული, 08.11.2022

რამაზ გორგაძე, 25 წლის, მობილიზებული, 02.11.2022

ზურაბ ხოზრევანიძე, 31 წლის, საჰაერო-სადესანტო ჯარები, 17.10.2022

არტურ კირკინაძე, 31 წლის, „პიატნაშკა“, 08.09.2022

მაჰომედ ბორჩაშვილი, 42 წლის, ჩეჩნეთის მილიცია, 27.07.2022

ალექსანდრე გაგლოშვილი, [ასაკი უცნობია], არმია, კონტრაქტით, 25.07.2022

რაფაელ ქიტესაშვილი, 22 წლის, არმია, კონტრაქტით, 06.07.2022

ალექსანდრე ბედაიძე, [ასაკი უცნობია], საჰაერო-სადესანტო ჯარები [ზუსტი თარიღი უცნობია].2022

რომან გონოშვილი, 32 წლის, არმია, კონტრაქტით, 17.05.2022

ავთანდილ საკანელაშვილი 51 წლის, სამხედრო-საზღვაო ძალები, 02.05.2022

ზურაბ აბელაშვილი, 45 წლის, მობილიზებული, 09.04.2022

ვახტანგ ზაგაშვილი, 36 წლის, არმია, კონტრაქტით, 02.04.2022

ახრა კირკინაძე, 36 წლის, „პიატნაშკა“ 31.03.2022

ანდრეი ახლოური, 23 წლის, არმია, კონტრაქტით, 20.03.2022

ოლეგ ბედოშვილი, [ასაკი უცნობია], საჰაერო-სადესანტო ჯარები, 12.02.2022

რობერტ ბერიკიშვილი, 22 წლის, როსგვარდია, 11.03.2022

უკრაინაში მოკლული როსგვარდიელის რობერტ ბერიკიშვილის სტენდი რუსეთის ქალაქ ანაპაში