საფრანგეთში ყოველ ღამით ასობით ადამიანს აკავებენ

საფრანგეთში მასობრივი არეულობის შედეგად გასულ ღამეს პოლიციამ 160-მდე ადამიანი დააკავა. პროტესტი რამდენიმე ქალაქში გრძელდება. გამოსვლების მიზეზი პოლიციის მიერ ჩრდილო აფრიკული წარმოშობის თინეიჯერის მკვლელობა გახდა.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში მასობრივი გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ იმართებოდა. 17 წლის თინეიჯერის მშობლები ალჟირიდან და მოროკოდან იყვნენ, მისმა მკვლელობამ გაამწვავა დისკუსია და პროტესტი დისკრიმინაციის, პოოლიციის მხრიდან ძალადობისა და სამართალდამცავ უწყებებში სისტემური რასიზმის არსებობაზე. ამ ბრალდებებს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. თინეიჯერი პოლიციამ სასიკვდილოდ სამშაბათს დაჭრა. დემონსტრანტები მას შემდეგ ამსხვრევენ მანქანებს, მაღაზიებს და ადგილობრივი მთავრობის შენობებსა და სხვა უძრავ ქონებასს, შეტაკებები მოხდა პარიზში, მარსელში, სტრასბურგსა და ნიცაში.

17 წლის ნაჰელის ბებია ამბობს, რომ მის შვილიშვილს პარიზის გარეობანში, შუქნიშანზე გაჩერებისას ესროლეს, თუმცა დემონსტრანტებს ის სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ტრაგედია ქაოსის შესაქმნელად არ უნდა იყოს გამოყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ღამღამობით ქუჩებში 45 000-მდე პოლიციელი ჰყავს მობილიზებული. სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით 157 მოქალაქე დააკავეს, წინა ღამით - 700, ორი დღის წინ კი 1300-ზე მეტი. დაშავებულია პოლიციის სამი ოფიცერი.