ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში არეულობა გრძელდება


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მესამე დღეა კრიზისს უმკლავდება მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღა მოყვა 17 წლის მოზარდის, ნაელ მ. პოლიციის ოფიცრის მიერ გასროლით მოკვლას.

პარიზის გარეუბანში, ნანტერში, მშვიდობიანი მარშის შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა გზაზე ბარიკადები აღმართა და პოლიციას დაუპირისპირდა. დაზიანდა 100-მდე შენობა და მინიმუმ ერთი ბანკი იქნა გატანილი. გრაფიტი „შურისძიება ნაელისთვის“ შენობებსა და ავტობუსის სადგურებზე გამოჩნდა.

მაკრონმა მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა. პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა უარყო ოპონენტების მოწოდებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა თქვა, რომ 40,000 პოლიციელი განლაგდება ქვეყნის მასშტაბით არეულობის ჩასახშობად - თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ოთხშაბათს იყო მობილიზებული - მათ შორის 5,000 პარიზის რეგიონში.

”სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს უკიდურესად მტკიცე,” - თქვა დარმანინმა.

ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის მოზარდის მოკვლამ, საზოგადოებაში განაახლა საუბარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობისა და რასიზმის თაობაზე.

ოფიცრის ქმედებაზე, რომელიც მომხდარში მონაწილეობდა, ფორმალური გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით. „სახალხო პროკურორს მიაჩნია, რომ იარაღის გამოყენების კანონიერი პირობები არ იყო დაცული“, - განაცხადა პროკურორმა პასკალ პრაჩემ პრესკონფერენციაზე.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს ორი პოლიციელი Mercedes AMG-ის მანქანის გვერდით, რომელთაგან ერთი ესვრის მოზარდ მძღოლს ახლო მანძილიდან, როდესაც ის მანქანის გადაადგილებას იწყებს. მოზარდი მიყენებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა. მის გვარს ოჯახი არ ავრცელებს.

ოფიცერმა აღიარა, რომ განახორციელა სასიკვდილო გასროლა და თქვა, რომ სურდა მანქანის სწრაფი გადაადგილების აღკვეთა იმის შიშით, რომ ის, ან სხვა ადამიანი დაშავდებოდა. მოზარდმა, პოლიციის ვერსიით, რამდენჯერმე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები.

ნანტერის პროკურორმა თქვა, რომ ნაელი პოლიციას შემჩნეული ჰყავდა საგზაო მოძრაობის დარღვევებში წარსულში.

მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომხდარი გაუმართლებელია და აქვე, დაგმო არეულობა ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG