პროგრესი ნელია, მაგრამ მტკიცე - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარარებული ძალები "ნელა, მაგრამ მტკიცედ" მიიწევენ წინ ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასევე ბახმუტის ირგვლივ - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის ჯარის მაღალჩინოსნებმა უთხრეს.

კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ აღმოსავლეთით რამდენიმე სოფლის აღება მოახერხეს. ოფიცრები ამბობენ, რომ ისინი ბახმუტის მიმართულებითაც ახერხებენ დაწინაურებას.

უკრაინის ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაურს მარკ მილის უთხრა, რომ მისმა ძალებმა "წარმატბით მოიპოვეს სტრატეგიული ინიციატივა".

"უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ თავიანთი იერიშის ფარგლებში. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, მაგრამ ამავე დროს მძიმე დანაკარგებს განიცდის", - დაწერა ზალუჟნიმ "ტელეგრამზე".

ზალუჟნიმ მილის უთხრა, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდება, რადგან მათ წინსვლას ახლა ეს განსაკუთრებით უშლის ხელს. თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კი "ფაინანშალ თაიმსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სოფლების გათავისუფლება ნამდვილად არ ყოფილა ამ იერიშის "უმთავრესი მოვლენა". რეზნიკოვის მოადგილემ, ჰანა მალიარმა კი თქვა, რომ არის წინსვლა სამხრეთის მიმართულებითაც. მისი თქმით, წინსვლა არის ნელი, მაგრამ მტკიცე.