ძალადობა პოლიტიკური ნიშნით - გორში, მზეთამზესა და თბილისში

თსუ-ს სტუდენტს ლუკა შველიძეს უნივერსიტეტის კორპუსში რამდენიმე ადამიანი სცემდა, დაკავებული არავინ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე მხოლოდ ერთი დაკავებული ჰყავს, ბორჯომში, გორსა და თბილისში, პოლიტიკური ნიშნით, ძალადობრივი თავდასხმის ფაქტებზე, რომელსაც მესამე სექტორის აზრით, გამოკვეთილად ერთი ხელწერა ჰქონდა.

17 ივნისს, გორთან, აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტთან“, უცნობი პირი თავს ზურაბ ჯაფარიძეს დაესხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორჯომში, „ლიბერალური აკადემიის“ ახალგაზრდულ ბანაკში მიდიოდა.

ოპოზიციონერზე თავდასხმიდან მალევე, ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel Mzetamze-ს ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ბანაკს 50-დან 60-მდე მოძალადე დაესხა თავს.

ისინი მონაწილეებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს, ესროდნენ ქვებს, აგინებდნენ, ეძახდნენ „აგენტებს“ და „მოღალატეებს“. მათ ავტომობილებს და სასტუმროს ქონებას ესროდნენ ქვებს, კვერცხებს და ასხავდნენ წითელ საღებავს. ერთ-ერთი ავტომობილიდან, ჩამოხიეს წარწერა - Fuck Putin!

თავდასხმელებმა სოფელ მზეთამზეში ასე დააზიანეს ახალგაზრდული ბანაკის მონაწილის პირადი ავტომობილი და ჩამოხიეს წარწერა FUCK PUTIN!

ახალგაზრდული ბანაკის წევრების თქმით, ამ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი იყო, რომელიც დღეს ღიად ანტიდასავლურ „კონსერვატიულ მოძრაობას“ წარმოადგენს. პოლიცია თავდასხმის ადგილზე მხოლოდ 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და არავინ დაუკავებია.

ხელისუფლება ბოლო პერიოდია უფრო და უფრო დიდ ფსონს დებს საზოგადოების შიგნით დაპირისპირების გაღრმავებაზე. კვლევები აჩვენებდა რომ პოლარიზაცია ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკურ ელიტებს შორის არსებობდა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ახლა მოვიდა დრო ეს კონფლიქტი მოქალაქეების დონეზე ჩაიტანოს. ამ გზით აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ბნელი ტრაექტორიით მივდივართ
ვახუშტი მენაბდე, პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი

„არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები“ - განაცხადა თავდასხმის ადგილას ვატო შაქარიშვილმა.

დაახლოებით, იმავე, დროს, მოძალადეთა ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავს დაესხა სტუდენტთა ჯგუფს, რომელიც თსუ-ში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძის „პრორუსულ პოლიტიკას“ აპროტესტებდა. მათ სცემეს და კიბეზე დააგორეს პროტესტის მონაწილეები. თავდამსხმელებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები ამოიცნეს.

„ხელისუფლება ბოლო პერიოდია უფრო და უფრო დიდ ფსონს დებს საზოგადოების შიგნით დაპირისპირების გაღრმავებაზე“ - ამბობს პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, „კვლევები აჩვენებდა რომ პოლარიზაცია ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკურ ელიტებს შორის არსებობდა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ახლა მოვიდა დრო ეს კონფლიქტი მოქალაქეების დონეზე ჩაიტანოს. ამ გზით აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას ემსახურებოდა უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი, ამას ემსახურებოდა პროპაგანდა, ამას ემსახურება წახალისება და დაუსჯელობა. ბნელი ტრაექტორიით მივდივართ“.

სოფელ მზეთამზეში, "ლიბერალური აკადემიის" მეხუთე ბანაკის მონაწილეები

ის, რომ სამივე თავდასხმას ერთი ხელწერა ჰქონდა - თვლის სამოქალაქო საზოგადოებაც. „დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან.

ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“ - ვკითხულობთ ნჯო-ების სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც ხელი 75 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.

დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია
მესამე სექტორის განცხადება

ახალგაზრდული ბანაკი „ლიბერალური აკადემია“ პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Institute For Individual Liberty-ის ერთობლივი პროექტია, რომელსაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. ბანაკის მონაწილეებს წარმატებული, პრაქტიკოსი სპიკერები პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით ლექციებს უკითხავენ, იკვლევენ სხვადასხვა თემატიკის საკითხებს.

2023 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, „ლიბერალური აკადემიის“ ოთხი ბანაკის შეკრება მოხდა, მეხუთე - მზეთამზეში კი მიზანმიმართულად ჩაშალეს. მეექვსე აკადემია მარნეულშია დაგეგმილი, თვის ბოლოს და მისი ჩაშლითაც იმუქრებიან.

თავდასხმამდე, სახელისუფლებო პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ამ ბანაკებში ახალგაზრდებს „სახელმწიფო გადატრიალებისთვის“ ამზადებენ და თან „ანტიეროვნული და ანტიეკლესიური პროპაგანდა“ მიმდინარეობს. თავდასხმის შემდეგ, „ლიბერალური აკადემიის“ მეხუთე ბანაკის მონაწილეები, სოფელ მზეთამზედან სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს.

სოფელ მზეთამზეში, "ლიბერალური აკადემიის" ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმაში 60-მდე პირი მონაწილეობდა

„ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, როგორც ზურაზე, ისე ჩვენზე, აქ მზეთამზეში“ - ამბობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი მარიტა რატიანი. მისი თქმით, „კოორდინაციაზე მიანიშნებს, ის ფაქტი, რომ გორის „სმარტთან“ ზურაზე თავდასხმიდან, რამდენიმე წუთში, ვატო შაქარიშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ გორში ჯაფარიძე გალახესო, საიდან იცოდა დეტალები?“

„არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები
ვატო შაქარიშვილი, ანტიდასავლური "კონსერვატიული მოძრაობა"

"ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია. ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობ ამ ფაქტს, ვიმედოვნებ, ზურა ჯაფარიძე იქნება კარგად და ტრენინგის მონაწილეები უსაფრთხოდ იქნებიან" - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი, ვინმე სოსო მაისურაძე ჰყავს დაკავებული, რომელმაც თავად დაწერა სოციალურ ქსელით, რომ პოლიტიკოსს დაესხა თავს. გამოძიება ამ შემთხვევაში 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, ხოლო მზეთამზეში, ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას, პოლიცია არა ძალადობის, არამედ სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურების მუხლით იძიებს.

რაც შეეხება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის მოწინააღმდეგე სტუდენტებზე თავდასხმას, დაკავებული აქაც არავინ არის. უფრო მეტიც, აქ საქმე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა.

უნივერსიტეტში, სასტიკად სცემეს სტუდენტი ლუკა შველიძე, კადრებში ჩანს, რომ მას ათამდე პირი ურტყამს და შემდეგ, კიბეებზე აგორებს. მას შემდეგ, როცა შველიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მისივე თქმით, პალატაში, უცნობი პირი შევიდა იარაღით, არ წარუდგენია თავი და მოითხოვა მისი და სხვა სტუდენტების პირადი ინფორმაცია. კონფლიქტის შემდეგ კი დაემუქრა. ამის შემდეგ, ლუკას დედამ და ნათესავებმა ხეჩინაშვილში პოლიცია გამოიძახეს და სწორედ მათ გაიყვანეს უცნობი კლინიკის ეზოდან.

ნაცემი სტუდენტი ლუკა შველიძე ამბობს, რომ კლინიკაში მას უცნობი პირი იარაღით ემუქრებოდა და შემდეგ, ის პოლიციელი აღმოჩნდა

ლუკას თქმით, „20-მა კაცმა გვცემა უნივერსიტეტში და ეს ადამიანი, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, ნასვამი იყო და უფორმოს, იარაღიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი. ინფორმაციას ჩემზე ეძებდა, თან იარაღით მემუქრებოდა“. შველიძე არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ ხელისუფლების ინტერესი, იმითაც იყოს განპირობებული, რომ მამამისი უკრაინაში იბრძვის.

“ლექტორი რომ ხარ და სტუდენტებს აცემინებ და კიბიდან დააგორებინებ შენ ლექციაზე გამოხატული პროტესტის გამო“ - ასე გამოეხმაურა თსუ-ში სტუდენტების ცემას, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

შსს ამ საქმეს 353-ე მუხლით იძიებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ბრალდება, პოლიტიკური ნიშნით ძალადობაზე მოგონილია და არ შეესაბამება სინამდვილეს.