პუტინის საქმე! რა დაემართა საქართველოს? - დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

ევროპარლამენტარები, საქართველოს დასავლელი პარტნიორები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან 30 მაისს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე.

30 მაისს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.

დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ტვიტერზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საქმეს აკეთებს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იქცა აგრესორის რუპორად. დასავლეთმა ურთიერთობებში თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიეტუვის სეიმის კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიც. მას შესწორება შეაქვს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზს ეხება:

„შესწორება. ნატოს არგაფართოებამ გამოიწვია ომი“.

ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი ტვიტერზე წერს, რომ „ღარიბაშვილს აქვს ან ირჩევს, რომ ჰქონდეს ძალიან მოკლე მეხსიერება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების შესახებ წერს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, ბენ ჰოჯესიც:

„დაუჯერებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გაფართოებას აბრალებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. რა დაემართა საქართველოს?“

Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი! - რ.თ.) - აი, ამ ტვიტით ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.