უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთმა რაკეტები და დრონები გამოიყენა, დნიპროს რეგიონზე ღამით განხორციელებულ თავდასხმაში. თავდასხმის შედაგად დაზიანდა შენობები და დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.
რეგიონის გუბერნატორმა, სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ზარალი მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებსა და მანქანებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა თქვა, რომ რუსეთმა იერიში 16 რაკეტისა და 20 ირანული „შაჰიდის“ დრონით მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ოთხი ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკანასკნელ კვირებში საჰაერო თავდასხმები გააძლიერა, უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე.
ატომური სადგური
უკრაინის სახელმწიფო ატომურის სადგურის ოპერატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა დაბომბვამ გაანადგურა მაღალი გამტარობის ელექტრო-ხაზი, რომელიც ენერგიით ამარაგებს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს.
„ენერგოატომმა“ თქვა, რომ ქარხანა იძულებული გახდა დიზელის სარეზერვო გენერატორებზე რამდენიმე საათის განმავლობაში ემუშავა, სანამ ელექტრო-მიწოდება აღდგებოდა.
„ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ ორშაბათს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მეშვიდე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.
ასევე ნახეთ: "დიდი შვიდეულის" კომუნიკე ჩინეთზე და რუსეთზე წნეხს აძლიერებსობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, იქ არსებული საფრთხეების შესახებ. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ბირთვული უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია "უკიდურესად დაუცველია".
„ჩვენ ახლავე უნდა შევთანხმდეთ სადგურის დაცვაზე; არსებული ვითარება არ შეიძლება გაგრძელდეს“, - განაცხადა გროსიმ.
ბახმუტის ბრძოლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კვირას იაპონიაში, ჰიროშიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის დახურვისას განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის განადგურება, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჰიროშიმაზე ატომური იერიშს უთანაბრდება.
„ჰიროშიმა ახლა აღდგენილი ქალაქია. ჩვენ ვოცნებობთ აღვადგინოთ ყველა ჩვენი ქალაქი, რომელიც ახლა ნანგრევებშია და ყველა სოფელი, სადაც არც ერთი სახლი არ დარჩენილა ხელუხლებელი რუსული თავდასხმების შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ თუ მსოფლიო არ გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ „დროის საკითხი იქნება, როცა ლიდერებს, სხვა კრიმინალებს, მსგავსი ომების დაწყება მოუნდებათ“.
ზელენსკიმ კვირას უარყო, რომ რუსეთმა ბახმუტი დაიკავა.
შაბათს, რუსეთმა განაცხადა, რომ მან დაიპყრო ალყაში მოქცეული ქალაქი, იქ ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ რეგულარულ და "ვაგნერის" ძალებს გამარჯვება მიულოცა.
ამავდროულად, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ, კვირას განაცხადა, რომ მან მოინახულა ბახმუტის მახლობლად ფრონტის ხაზი და მადლობა გადაუხადა უკრაინულ ჯარებს, რომლებიც ტერიტორიას იცავენ.
ასევე ნახეთ: ვითარება ბელგოროდში - კიევისა და მოსკოვის პოზიციებისირსკიმ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ კიევი კვლავ აკონტროლებს ბახმუტის ნაწილს, თუმცა უმნიშვნელო ტერიტორიას. მან აღნიშნა, რომ მათი დასაყრდენი საკმარისია განადგურებულ ქალაქში წინსვლისთვის, თუ ეს საჭირო გახდება.
მისი თქმით, კიევი, რომლებიც აკონტროლებს ბახმუტის გარეუბნებს, "ტაქტიკურ გარსს" აყალიბებს, ქალაქში მყოფი რუსული ჯარების გარშემო.
"დიდი შვიდეულის" მხარდაჭერა უკრაინას
კვირას ჰიროშიმაში გამართულ "დიდი შვიდეულის" პრესკონფერენციაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეები „არიან ურყევი“ უკრაინის მხარდაჭერაში.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან შეხვედრისას ბაიდენმა თქვა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალა, შეიარაღება, ჯავშანტექნიკა და წვრთნები.
„მთელ დიდ შვიდეულთან ერთად, ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და გპირდებით, რომ არსად არ წავალთ“, - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.
ასევე ნახეთ: პეკინი და მოსკოვი G7 სამიტს აკრიტიკებსბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მცდელობა მოკავშირე ქვეყნებთან ერთობლივი ძალისხმევის გასაწევად, რათა უკრაინელი მფრინავები მოამზადონ მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების სამართავად, როგორიცაა F-16-ები.
ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მიიღო ზელენსკისგან „ცალსახა გარანტია“, რომ უკრაინა არ გამოიყენებს დასავლეთის მიერ მოწოდებულ F-16 გამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე.
თუმცა, უკრაინას ჯერ არ მიუღია მოკავშირეებისგან F-16 თვითმფრინავების მიღების ღია დაპირება.