ნიუ-იორკის შტატში, „დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობამ“, საფერავის ორდღიან ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი „საფერიკა“, ამავე სახელწოდების ორგანიზაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალის პირველ დღეს, ,,საფერიკას“ ღვინის სფეროს ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ხოლო მეორე დღეს, ფესტივალს ღვინის მოყვარულები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ასევე ნახეთ: "ქართველი ხალხის წინააღმდეგ, კრემლის პროპაგანდისტული ოპერაციის ნაწილი" - პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი რუსეთთანწელს, ფესტივალზე 30-მდე კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან.
,,საფერიკას“ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ კულინარიას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება“ - აცხადებენ სააგენტოში.