რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი" რუსული ნავთობსადენის, სატრანზიტო ოპერატორ "ტრანსნეფტის" განცხადებას აქვეყნებს, სადაც კომპანია აცხადებს, რომ დაზიანებულია მილსადენი "დრუჟბა".
"ტრანსნეფტის" ინფორმაციით, ევროპასთან დამაკავშირებელ მილსადენზე თავდასხმა უკრაინის მეზობელ რეგიონში მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. კომპანია ამ ინციდენტს "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებს.
"დიახ, ნამდვილად, დღეს დილით გათენებისას "დრუჟბის" ნავთობსადენის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა იყო, ეს ბრიანსკის შემვსებ სადგურზე მოხდა", - ამბობს "ტრანსნეფტის" პრეს-სპიკერი "ტასთან". "შედეგად არავინ დაშავებულა. შესაბამისი უწყებები ინციდენტის გარემოებებს იკვლევენ", - დასძენს ის.
ოთხშაბათს, გათენებისას, რუსეთის სამართალდამცავ უწყებებთან დაკავშირებულ "ტელეგრამ" არხზე გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმის სამიზნე ნავთობის სამი ცარიელი რეზერვუარი გახდა. თუმცა თავდასხმის შედეგად გაჟონვა არ მომხდა.
ამ მილსადენის ფუნქციონირება სანქციების სამიზნე არ გამხდარა, თუმცა ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის გამოყენებას ამცირებენ. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის წამოწყების შემდეგ მილსადენი "დრუჟბა" რამდენიმე თავდასხმის სამიზნე გახდა. მათ შორის წელს, მარტშიც.