"წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის", - ამბობს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ამერიკის საელჩომ 2023 წლისთვის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდა საქართველო წლევანდელ წვრთნებში "მცველი 2023".
საქართველოს თავდაცვის უწყებამ განმარტა, რომ ქვეყანა შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში - "მცველი 2023" მონაწილეობას, ამერიკული მხარის რეკომენდაციების საფუძველზე არ იღებს. სამინისტროს თქმით, ამერიკულ მხარესთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ მეტი ძალისსხმევა და რესურსი იქნება მიმართული ისეთ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებს "საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას".
გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და განაგრძობს ერთობლივ მუშაობას, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობს ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ სასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: როგორებიცაა "მებრძოლი სული" და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
ასევე ნახეთ: საქართველოს თავდაცვის უწყება: "მცველი 2023"-ის წვრთნებში მონაწილეობას აშშ-ის რეკომენდაცით არ ვიღებთ