საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში - "მცველი 2023" მონაწილეობას, ამერიკული მხარის რეკომენდაციების საფუძველზე არ იღებს.
"თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
უწყება ამ განცხადებით გამოეხმაურა მედია-საშუალებებში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ სწავლებაში "მცველი 2023" საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. სამინისტრო ამას "პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ" გავრცელებულ ცნობებს უწოდებს და ამბობს, რომ "მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ."
ასევე ნახეთ: ფრიდი: "ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს ავტორიტარები"სამინისტრო ამბობს, რომ ქვეყანა აგრძელებს მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობას და მათ მასპინძლობასაც, მათ შორის ისეთი წვრთნების, როგორებიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. თავდაცვის უწყების თქმით, უკვე დაწყებულია მზადება სწავლებისთვის „მტკიცე სული 2023“.
პენტაგონის ცნობით, "დამცველი 2023"-ში მონაწილეობას 9000-მდე ამერიკელი სამხედრო იღებს. ის ოფიციალურად 22 აპრილს დაიწყო. სწავლებას ამერიკის ევროპული და აფრიკული სარდლობა ხელმძღვანელობს და ის 2021 წლიდან იგეგმება. სწავლება მოიცავს ამერიკის სწრაფ რეაგირებას, ბრძოლისთვის მზადყოფნაში მყოფი ძალების და აღჭურვილობის განლაგებას იმისთვის, რომ მოკავშირეები დარწმუნებული იყვნენ, ევროპაში მშვიდობისთვის საფრთხის შემქმნელების წარმატებით შეკავება შესაძლებელი იქნება.
პენტაგონი ამბობს, რომ ეს წვრთნები ასევე არის ამერიკის ერთგულების დემონსტრირება ევროპული ქვეყნებისადმი, რათა გაიზარდოს სამხედრო მზაობის მასშტაბი და ურთიერთთავსებადობა.