ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში წარმომადგენლებს გააგზავნის, რომლებიც "კრიზისის გადასაწყვეტად მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან გამართავენ". ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
პრეზიდენტი სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ოთხშაბათს, 26 აპრილს ესაუბრა და ეს განცხადება სწორედ ამ ზარისას გააკეთა. მედიის ცნობით, ჩინეთი აცხადებს, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გააკეთებს უმთავრეს აქცენტს და შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
სატელეფონო ზარის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, ორ ლიდერს "ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა: "მე მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნა ძლიერი იმპულსი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.
სი ძინპინი აპრილის დასაწყისიდან ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარი სურდა. უკრაინის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას გამუდმებით სთხოვდა შეხვედრას. მას შემდეგაც, რაც სი ძინპინი მოსკოვს ესტუმრა და იქ რუსეთთან "ულიმიტო პარტნიორობის ახალ ერაზე" ისაუბრა.
ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში იზრდებოდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი მოსკოვს იარაღით დაეხმარებოდა. ამერიკამ არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ თავი შეეკავებინა რუსეთთან ამგვარი სამხედრო პარტნიორობისგან. პეკინმა რამდენიმე თვის წინ ე.წ. სამშვიდობო გეგმაც წარმოადგინა, თუმცა მასში ომის დასრულების კონკრეტული გზები ან ნაბიჯები განსაზღვრული არ ყოფილა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთს ესტუმრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პეკინმა განაცხადა, რომ ის რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.
Your browser doesn’t support HTML5