მსოფლიოს რეაქცია, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვისთვის თავის მოკვეთაზე არასაკმარისია, აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი. ვიდეო, რომელიც ამ ინციდენტს ასახავს, სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ვრცელდება.
დღეს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ვერ დაიცავს ვერც უკრაინა და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგან რუსეთი არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს. ამის შესახებ 13 აპრილს რადიო თავისუფლების პროექტს, "თავისუფლება დილას", განუცხადა უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დმიტრო ლუბინეცმა.
ასევე ნახეთ: კიევი რუსეთს "ისლამურ სახელმწიფოს" ადარებსსამშაბათს საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თეთრ სამკლავურიან (ჩვეულებრივ, უკრაინაში რუსი სამხედროების იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება) სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები სასტიკად კლავენ, სავარაუდოდ, უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს.
უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვამ უკვე "დაახლოებით იცის" ვის შეეძლო სასტიკი სიკვდილით დაესაჯა ინტერნეტში მასობრივად გავრცელებულ ვიდეოზე გამოსახული ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვე უნდა იყოს.
დმიტრო ლუბინეცმა დასძინა, რომ უკრაინის ომბუდსმენის ოფისმა მიიღო ათობით ვიდეო, რომლებზეც ასახულია რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის კადრები, მაგრამ არ აქვეყნებს მათ.
„მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ ვხსნით სისხლის სამართლის საქმეს. ამას აკეთებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი. მაგრამ მსოფლიოს რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და არა მხოლოდ სიტყვები, არა მხოლოდ "ღრმა შეშფოთება", რომელსაც 2014 წლიდან ვისმენთ“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
- ჟენევის კონვენციის თანახმად, რომლის ერთ-ერთ ხელმომწერი რუსეთიც არის, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედიაში არაერთხელ გამოჩენილა ტყვედ ჩაბარებულ უიარაღო სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, როგორც უკრაინელების, ასევე რუსების.
- ყოველ ჯერზე მეომარი მხარეები ერთმანეთს სამხედრო დანაშაულში სდებდნენ ბრალს. უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ დადო პირობა, გამოიძიოს შესაძლო დანაშაულთა შემთხვევები, რომლებიც მისი არმიის სამხედროებმა ჩაიდინეს. ამ გამოძიებათა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს უკრაინელ სამხედროთა მკვლელობის ამსახველ ვიდეოებზე.