იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიზეზი მიგრანტთა მოზღვავებაა

იტალიის მემარჯვენე მთავრობამ სამშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6 თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ქვეყნის სამხრეთ სანაპიროებზე მიგრანტთა მზარდ რაოდენობასთან გამკლავების პრობლემაა.

სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ დაინიშნება სპეციალური კომისარიც, რომელიც ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. ის პირველადი თანხები, რაც ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყო, 5 მილიონი ევროა. ბიუჯეტი პრემიერმა ჯორჯია მელონიმ და მისმა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა აუცილებელია სწორედ იმ ზომების გასატარებლად, რომლებიც ამ ნაკადთან გამკლავებას სჭირდება და მიგრანტთა თავშესაფრებსა და ცენტრებში სიმჭიდროვესა და დატვირთვას შეამცირებს. ამასთან, არდსებობს საჭიროება იმ ახალი შენობების ასაგებად, რომლებიც საჭიროა თავშესაფრებისა და დროებითი საცხოვრებლების უზრუნველსაყოფად.

საგანგებო მდგომარეობა ბოლოს იტალიის მთავრობამ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოაცხადა და მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განკარგულების დონეზე გამოეცა და დროებით გვერდი აევლო ხანგრძლივი საპარლამენტო პროცესისთვის, რომელიც დაფინანსებისა და შესაბმისი რეგულირებისთვისაა საჭირო.