IMF-ის მიხედვით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის 2023 წლის პროგნოზი შეამცირა. სავალუტო ფონდში, იმ ფონზე როცა მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკურ აქტივობას ასუსტებს, ამბობენ, რომ ფინანსურ სისტემაში მოულოდნელად არეულობის გამწვავებამ, შესაძლოა საქმე რეცესიამდე მიიყვანოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 11 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ საბანკო კრიზისის გავრცელების თავიდან არიდება მოხერხდა, სწრაფი საპასუხო ქმედებებით ორი დიდი ამერიკული ბანკის წარუმატებლობასა და "კრედიტ სუისის" კიდევ ერთ შვეიცარულ ბანკთან იძულებითი შერწყმის შემთხვევებზე. თუმცა, მომხდარი ვითარებას კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას მატებს, მაღალი ინფლაციის და უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე.

„ფინანსური ბაზრის მერყეობის ბოლოდროინდელ მატებასთან ერთად, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მომავალი, კიდევ უფრო გაურკვეველია “, - ამბობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ვაშინგტონში ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებს იწყებენ, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართება.

„გაურკვევლობა მაღალია და რისკების ბალანსი მტკიცედ შეიცვალა დაღმასვლისკენ, ასე იქნება სანამ ფინანსური სექტორში გაურკვევლობა რჩება“, - ამბობენ ფონდში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალურად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 2023 წელს 2.8% იქნება, ხოლო 2024 წლისთვის ეს მონაცემი 3.0%-ს შეადგენს. ეს 2022 წელთან შედარებით (3.4 პროცენტი), ზრდის შენელებაზე მიუთითებს, რაც სავარაუდოდ უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო სავალუტო ფონდის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა 2022 წელს 10.1%-ი გაიზარდა, თუმცა ზრდის ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ქვეყანას გაუჭირდება და 2023 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მშპ-ს ზრდა 4.0% შეადგენს. 2024 წლის პროგნოზით კი ეკონომიკა სავარაუდოდ 5.0%-ით გაიზრდება.

ფონდის აგნარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასები 11.9 პროცენტით გაიზარდა, და 2023 და 2024 წლებში ის შესაბამისად, 5.9 და 3.2%-ით მოიმატებს.