„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი რამ შეიძლებოდა ამერიკაში მომხდარიყო. ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ უშიშრად ვიცავდი ჩვენს ქვეყანას მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს“, - ეს იყო ამერიკის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ის მხარდამჭერებს ნიუ-იორკიდან ჩაფრენისთანავე შეხვდა, აეროპორტიდანვე გაემართა მარ-ა-ლაგოსკენ და მისი მიმართვა დაახლოებით 25 წუთს გრძელდებოდა.
ამ გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, 4 აპრილს, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, ვისაც სასამართლოში სისხლის სამართლის დანაშულის ჩადენის ბრალი წარუდგინეს. ის სასამართლოს ოფიციალურად "ჩაბარდა", რის შემდეგაც მას აუღეს თითის ანაბეჭდები და ის დაარეგისტრირეს, როგორც ბრალდებული. ყოფილმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში წარდგენისას თავი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ 34-ივე ბრალდებაში.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ბიზნეს დოკუმენტების გაყალბება ედება, რომელთა მიზანიც, გამოძიების თანახმად, მისი საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ ორი ქალისთვის გასაჩუმებლად გადახდილი თანხების დამალვა იყო.
მანჰეტენის საოლქო სასამართლოს პროკურორმა ალვინ ბრაგმა ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-იორკის შტატში ბიზნეს დოკუმენტების სიტემატურ და მიზანმიმართულ გაყალბებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამის მიზანი „ამომრჩევლებისგან იმ ინფორმაციის დამავლა იყო, რასაც შეიძლებოდა ზიანი მიეყენებინა მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის“. პროკურატურამ გამოძიება 2019 წელს დაიწყო.
ნიუ-იორკიდან ფლორიდაში უკან დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპი მარ-ა-ლაგოში დარბაზში შესვლისას გამოაცხადეს, როგორც „ამერიკის მომავალი პრეზიდენტი“.
“ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი დონალდ ტრამპმა მხარდამჭერების წინაშე, რომელიც სკანდირებდნენ „ამერიკა! ამერიკა!“
მისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი დაეთმო იმის აღწერას, თუ რამდენად მიკერძოებულია, მისი თქმით, დემოკრატიული ადმინისტრაციის მიმართ ამა თუ იმ შტატის მართლმსაჯულების სტრუქტურები და მათი წარმომადგენლები.
„მართლმსაჯულება კანონს მიღმაა. ჩვენი დამარცხება მათ არჩევნებით არ შეუძლიათ, ამიტომ ამის გაკეთებას კანონის გამოყენებით ცდილობენ... ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, მსოფლიო უკვე დაგვცინის... ჩვენი საყვარელი ქვეყნის თავზე ძალიან მუქი ღრუბელია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ჩვენ ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით“, - თქვა ტრამპმა.
მან არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტი გამოიყენა სხვადასხვა პროკურორისა თუ გამომძიებლის მიმართ, რომლებიც მის საქმეებს იძიენებენ. მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ მისი ცნობებით, თავად დემოკრატებსაც კი არ სჯერათ, რომ ამ საქმეებში მას ბრალი მიუძღვის და ამის გამო უნდა სამართლდებოდეს.
ტრამპის კრიტიკის გამორჩეული სამიზნე, პროკურორი ალვინ ბრაგი იყო. მას „წარუმატებელი საოლქო სასამართლოს" პროკურორი რამდენჯერმე უწოდა და თქვა, რომ თავად ბრაგი იმსახურებს გასამართლებას საქმის დეტალების წინასწარ გასაჯაროებისთვის. თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა მოსამართლე ხუან მეჩანი და მისი ოჯახიც, რომელთაც პრეზიდენტმა „ტრამპმოძულეები“ უწოდა.
ასევე ნახეთ: "არ ვარ დამნაშავე" - ტრამპი წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევსქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს არჩევნებში მისი დამარცხება ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მილიონობით ხმის გაყალბების შედეგი იყო. მან მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველა ბრალს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უწოდა და თქვა, რომ ეს საქმეები ამჯერად, „2024 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება და ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.
ტრამპმა გაიმეორა ის ბრალდებები, რომლებსაც დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციებს ის წლების განმავლობაში უყენებს. თქვა, რომ ამერიკას საფრთხეს უქმნის "ღია და დაუცველი" საზღვრები, ნარკოვაჭრობა; რომ დემოკრატების მიერ მართულ შტატებსა და ქალაქებში კრიმინალი არნახულ ნიშნულებს აღწევს.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“. მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, იზრდება ინფლაცია, დოლარი უფასურდება, გლობალურ მსოფლიო პოლიტიკაში კი ისეთი პროცესები ვითარდება, რომლებიც არასდროს მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. მათ შორისაა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაშიც. ტრამპი ამბობს, რომ ის ამას არ დაუშვებდა და არ დაიკარგებოდა „უამრავი სიცოცხლე და უკრაინის მშვენიერი ქალაქებიც კვლავ ძველებურად იდგებოდა“.
ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, კიდევ ერთი რამ, რასაც ის არ დაუშვებდა, რუსეთ-ჩინეთის ალიანსი იყო და ისეთი ქვეყნების კავშირების გაძლიერება, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა... ტრამპის თქმით, ის რასაც ახლა ვხედავთ: „სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ღია ბირთვული მუქარა, არასდროს მომხდარა ტრამპის ადმინისტრაციისას. ახლა კი სრულმასშტაბიანი ბირთვული მესამე მსოფლიო ომისგან შორს არ ვართ“.
მანჰეტენის სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთია ტრამპის ბევრ სხვა ლეგალურ პრობლემას შორის. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიის შტატში არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე - 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მასობრივი თავდასხმის საქმე და საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის გამო მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.
ეს უკანასკნელი თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების პირად რეზიდენციაში წამოღებასა და მათ შეუსაბამოდ შენახვას უკავშირდება. დონალდ ტრამპის თქმით, მას, როგორც პრეზიდენტს ამ დოკუმენტებზე საიდუმლო კლასიფიკაციის მოხსნის უფლებამოსილება ჰქონდა და ეს ავტომატურად მოხდა მაშინ, როცა მან ისინი თეთრი სახლიდან საკუთარ რეზიდენციაში წაიღო. ყველა საბუთი კი, მისი თქმით, სპეციალურად დაცულ ოთახში ინახებოდა, რაც განსხვავდება პრეზიდენტ ბაიდენის ყოფილ სამუშაო სივრცეებში აღმოჩენილი დოკუმენტებისგან. ტრამპი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი მართლმსაჯულებასთან მოქმედი პრეზიდენტის გუნდზე მეტად თანამშრომლობენ და სიცრუეა ის, რომ თითქოს ისინი მართლმსაჯულებას ხელს უშლიან.
დონალდ ტრამპი არც თავად შემოიფარგლა ნიუ-იორკის შტატში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საუბრით და ჯორჯიაში მიმდინარე პროცესიც ახსენა. ჯორჯიაში მას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ, როცა გამოძიების მტკიცებით, ის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან სატელეფონო ზარით ცდილობდა სასურველი შედეგის მიღწევას. ტრამპი ამბობს, რომ ეს ზარი „იმაზე კიდევ უფრო უნაკლო იყო, ვიდრე ის პირველი ზარი, უკრაინის პრეზიდენტთან“, რომელსაც პირველი „იმპიჩმენტის შეთქმულება“ მოჰყვა. საუბარია პრეზიდენტ ზელენსკისა და თეთრ სახლს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე, რომლის დროსაც პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელ კოლეგას თავისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით კომპრომატების მოძიებას სთხოვდა.
ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, ერთად აღებული ბრალდებები, რომლებიც დონალდ ტრამპს წაუყენეს, 136 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ, ფაქტობრივი სასჯელი, თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, ბევრად ნაკლები იქნება. ნიუ-იორკში, საქმიანი ჩანაწერების გაყალბება არის გადაცდომა, რომელიც არაუმეტეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა სასჯელი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე იზრდება, თუ ეს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით კეთდება. განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია თეთრ სახლს.