"არ ვარ დამნაშავე" - ტრამპი წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს დარბაზში. ნიუ-იორკი, 4 აპრილი, 2023 წელი.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წარდგენილ 34 ბრალდებაში უდანაშაულოა. ბრალდება საქმიანი დოკუმენტების გაყალბებას ეხება, პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსთან დაკავშირებულ საქმეში. თუმცა, საქმის დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა და ადგილზე შეკრებულ მხარდამჭერებსაც მიესალმა.

„არ ვარ დამნაშავე“ - თქვა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, წარდგენილ ბრალში. ის არის ამერიკის პირველი ყოფილი, ან მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

ასევე ნახეთ: როგორ მუშაობს ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია აშშ-ში

ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, ერთად აღებული ბრალდებები, რომელიც დონალდ ტრამპს წაუყენეს, 136 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ, ფაქტობრივი სასჯელი, თუ მას სასამართლე დამნაშავედ ცნობს, ბევრად ნაკლები იქნება.

ნიუ-იორკში, საქმიანი ჩანაწერების გაყალბება არის გადაცდომა, რომელიც არაუმეტეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა სასჯელი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე იზრდება, თუ ეს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით კეთდება.

ტრაპი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და თეთრის სახლის კვლავ დაკავებას გეგმავს, ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„მოღუშული გამოიყურებოდა, არაფერი უთქვამს, როცა სასამართლოს დარბაზში, პროცესზე დასასწრებად შედიოდა. ფოტო, რომელიც მოსამართლის ავტორიზებით ფოტოგრაფმა გადაიღო, ასახავს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რომელიც სასამართლო დარბაზში, დაცვის მაგიდასთან, ადვოკატებთან ერთად ზის“ - ასე აღწერს ისტორიულ პროცესს, დონალდ ტრამპის სასამართლოში მისვლას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“.

ასევე ნახეთ: ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადების შემდეგ, კომენტარს მარ-ა-ლაგოდან გააკეთებს

„მივემართებით ქვემო მანჰეტენისკენ, სასამართლოს შენობაში. ეს ყველაფერი ძალიან სიურეალურად გამოიყურება. ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. მიჭირს დაჯერება, რომ ეს ამერიკაში ხდება“ - ეს სტატუსი, სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე, ავტოკონოლიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნიუ-იორკში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს თეთრი სახლი.

„ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, მსგავსი საქმე მიმდინარე პროცესშია, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან პიერმა.

ასევე ნახეთ: რა გავლენას ახდენს რესპუბლიკელ ამომრჩეველზე ტრამპის საბრალდებო დასკვნა?

იურიდიული ექსპერტების თქმით, სასამართლო პროცესამდე, წელიწადზე მეტი დრო მაინც არის დარჩენილი. ბრალის წაყენება, ან თუნდაც ნასამართლეობა, ტრამპს ხელს ვერ შეუშლის, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

დღესვე, მოგვიანებით, დონალდ ტრამპი ფლორიდაში დაბრუნდება და მარ- ა-ლაგოდან განცხადებას საღამოს გააკეთებს.