ლავროვის თქმით, დასავლეთის დახმარებით NGO-ები „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არაერთხელ ახსენა საქართველო. მან აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის ფორმატზე „3+3“ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამასთან ლავროვი ხელშემშლელ ფაქტორად დასავლეთის მოქმედებას ასახელებს.

„დასავლეთმა მოახდინა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არც კი მალავს, დეკლარირებას ახდენს, რომ სურს მოსწყვიტოს რუსეთს.

ასევე ნახეთ: "ეს არაა ჩვენთვის საინტერესო" - ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

რუსეთი მიილტვის, რომ სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნას ფორმატი „3+3". სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფო (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და სამი მეზობელი (რუსეთი, თურქეთი და ირანი). ქართული მხარე ჯერ ფიქრობს ამ ფორმატში ჩართვაზე. პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფორმატ „3+3-ის" მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს, რომ ეს სტრუქტურა დაანგრიოს, რომელმაც ჩამოყალიბება ახლახან დაიწყო", - განაცხადა ლავროვმა.

​რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილაპარაკა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და მიანიშნა „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადების" პროცესზე.

„დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს - ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის [მეზობლები].

რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას, რომლებიც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია.

ამიტომ, ახლა არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხების უმრავლესობაზე", - თქვა სერგეი ლავროვმა.

Your browser doesn’t support HTML5

"ქართული ოცნების" რუსული არგუმენტები "უცხოეთის აგნეტის" შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გადატრიალების შესაძლო მოწყობაზე ილაპარაკა 14 მარტს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას", - თქვა მან.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი მოძრაობის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები „რუსულ კანონს" უწოდებენ.

ასევე ნახეთ: "არადემოკრატიული საქართველო ვერ იქნება დასავლური ოჯახის წევრი" - ამერიკელი ექსპერტები

7-9 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსულ კანონად" წოდებული კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.