საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მოგონილს" და "სპეკულაციურს" უწოდებს იმ ფაქტებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში მოხვდა საქართველოს შესახებ.
დღეს, 21 მარტს, პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი "ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების უსამართლო და სუბიექტურ დასკვნებს" ეყრდნობა:
"ძალიან მოკლედ გავეცანი ანგარიშს, ძირითად აქცენტებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციას, რაც მიწოდებული იყო - არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რაც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ასევე ნახეთ: ადამიანის უფლებები საქართველოში - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშინახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ესაა სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილია. ესა არაა ჩვენთვის საინტერესო.
მე მახსოვს 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა, მაგალითად, ქვეყანაში სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული იყო, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არ მახსენდება ის ფაქტები სახელმწიფო დეპარტამენტში ყოფილიყოს მოყვანილი, რაც სამწუხაროა".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ გუშინ, 20 მარტს, გამოქვეყნდა. ანგარიშის საქართველოს თავში წერია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად.
ანგარიშში მოხვდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის, ასევე 2019 წლის 20-21 ივნისის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეები.