თბილისში განვითარებულ მოვლენებს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ნატოსა და ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება "სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით".
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე წინ მიდის", - ვკითხულობთ მინისტრების განცხადებაში.
სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ პატივი სცეს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი პროტეტსის გამოხატვის უფლებას. მინისტრები "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებებში დასძენენ, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით პროგრესი, მაშინ მან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები უნდა დაიცვას.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა და მიიღო კანონპროექტი, რომელსაც სამოქალაქო სექტორი "რუსულ კანონად" მოიხსენიებს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების ძალებმა დაშალა.
ასევე ნახეთ: ნედ პრაისი: ეს იქნება უკანდახევა პარტნიორობის შესაძლებლობიდან