ჰელსინკის კომისია: "კანონი არის თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე"

USA-BIDEN/CONGRESS

"ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ უცხო ქვეყნის აგენტთა შესახებ კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს არის ოკუპანტი რუსეთის კიდევ უფრო მეტი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია.

ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავროტები კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და ასევე წამყვანი კანონმდებლები - კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი როჯერ როჯერ უიკერი არიან.

წერილში ვკითხულობთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ძალიან ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა იმას, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა "ანტი-დემოკრატიული, რუსული სტილის კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, თუ ის ამოქმედდა, იქნება უარყოფა ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მისწრაფებებს და ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას. ეს ასევე აჩვენებს ახლანდელი მთავრობის მზარდ სიახლოვეს რუსეთთან - იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ ამერიკელი კანონმდებლების მიმართვაში.

კომისიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ "ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე".

ჰელსინკის კომისიის ლიდერთა განმარტებით, 1991 წლიდან ამერიკა ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია და ეს "მთავრობის პოზიციის მიუხედავად, არ შეიცვლება". და სწორედ ამ მეგობრობის სახელით, ისინი მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობას, რომ უარყოს შემოთავაზებული კანონმდებლობა.

"ჩვენი მეგობრობის სულისკვეთების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და განაახლოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ", - აცხადებს კომისია.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.