შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს: რუსეთი დაუყოვნებლად დატოვეთ

შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს უთხრა, რომ უკრაინაში ომის და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაუსაბუთებელი დაპატიმრების და დევნის რისკის გამო, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ.

„რუსეთში მცხოვრებმა ან ვიზიტით მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა, ქვეყანა დაუყოვნებლად უნდა დატოვონ... უკანონო დაკავების რისკის გამო, დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ“, განაცხადა აშშ-ის საელჩომ მოსკოვში.

„რუსეთში ნუ გაემგზავრებით,“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის დიპლომატიური მისიის თქმით, „რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები ცრუ ბრალდებებით დააკავეს, რუსეთში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები დაკავების და დევნის გამორჩეულ სამიზნედ აქციეს, სამართლიან და გამჭვირვალე მოპყრობაზე უარი უთხრეს და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, საიდუმლო სასამართლო მოსმენებით მსჯავრი დასდეს“.

ასევე ნახეთ: ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეითს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი კანონები ამერიკელი რელიგიური მუშაკების წინააღმდეგ დაუსაბუთებლად გამოიყენა და რელიგიურ საქმიანობაში ჩართული აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ საეჭვო კრიმინალური გამოძიებები წამოიწყო“, განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

კრემლი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება სთხოვეს. ბოლო ასეთი გაფრთხილება სექტემბერში გაჟღერდა, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა (ეფ ეს ბე) განაცხადა, რომ იანვარში, პროკურორებმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით კრიმინალური საქმე წამოიწყეს.