„საქართველოს შეეძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები, უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს“ - განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინმა, 9 თებერვალს, პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების შესახებ იანვარში აცნობა.
„ეს განაცხადი ასახავს იმ ღირებულებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ორმხრივ თავდაცვის ურთიერთობებს და ჩვენს პარტნიორობას“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, ოსტინმა ხაზი გაუსვა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება.
ასევე ნახეთ: ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა„საქართველომ გააღრმავა თავისი კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა თავის გზას, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ დროის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს მისიაში, ავღანეთში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, სამხრეთ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში. ჩვენი არტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება“ - განაცხადა ოსტინმა.